ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ზუგდიდელი ჟურნალისტი ნანი ფირცხელავა დანაშაულის დაფარვასა და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ზუგდიდის, საოლქო პროკურატურისა და რაიონული სასამართლოს თანამშრომლებს ადანაშაულებს.
გაზეთ „კოლხური ვერსიის“ მთავარ რედაქტორს ასეთი, საკმაოდ სერიოზული ბრალდებების საფუძველს თითქმის ოთხი წლის მანძილზე გაჭიანურებული გამოძიება, სასამართლო პროცესები თუ სააღსრულებლო გადაწყვეტილებები აძლევს.
მითუმეტეს, ამ ხნის განმავლობაში ნანი ფირცხელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ჟურნალისტს მარჯვენა ხელი დღემდე პარალიზებული აქვს...
ავტოავარია, რომლის შედეგადაც ნანი ფირცხელავამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, 2006 წლის 14 ივნისს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. პარალელური ქუჩიდან გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მას მაშინ შეეჯახა, როცა იგი სამგზავრო ავტობუსში ასვლას აპირებდა. შეჯახების შედეგად ავტომანქანამ ქალი 3 მეტრის მანძილზე გაისროლა და ასფალტზე დაანარცხა.
სისხლდენით, ტრავმებითა და დაჟეჟილობებით ნანა ფირცხალავა უცხო ადამიანებმა ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკაში მოათავსეს. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დაზარალებული სახლში გადაიყვანეს, რადგან ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტაციონარული მკურნალობა შეუძლებელი იყო. ავადმყოფმა 3 თვე და 18 დღე ლოგინში, თითქმის უგონო და კრიტიკულ მდგომარეობაში გაატარა, მას ტრავმული ეპილეფსია განუვითარდა.
ნანი ფირცხელავა: „ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა, დასივებული და დაჟეჟილი ვიყავი, აუტანელი ტკივილი მტანჯავდა. დაზიანებების შედეგად განვითარებული ტრავმული ეპილეფსია კრუნჩხვებში მაგდებს. იგი თვის განმავლობაში 8-10-ჯერ აღმენიშნება. დღემდე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვიღებ. მანძილის გავლა მიჭირს, წონასწორობას ვერ ვიცავ. მარჯვენა ხელი პარალიზებული მაქვს, უკვე მიშავდება და გახმობას იწყებს. დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კლინიკა მოვიარე, ხალხური მედიცინაც გამოვიყენე, თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტსაც მივაკითხე, მაგრამ შედეგი არ ჩანს, მდგომარეობა მეტად გამირთულდა“.
ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ნანი ფირცხელავას შეეჯახა, 71 წლის ალფეზ თირქია აღმოჩნდა. იგი ავარიის პირველი წუთებიდანვე გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ახლობლები მას სამედიცინო მკურნალობისათვის საჭირო თანხების მოძიებაში დახმარებას თხოვდნენ, იგი უარს აცხადებდა და საკუთარ უმწეობაზე საუბრობდა.
ალფეზ თირქიას მიმართ სისხლის სამართლს საქმე დანაშაულის ჩადენიდანვე აღიძრა, თუმცა მალევე შეჩერდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის I ნაწილით წაუყენეს, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანი ფირცხელავა: „გამომძიებელმა, დემნა სორდიამ და არკადი ჯიქიამ ბრალდებულ ალფეზ თირქიას ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში ხელი შეუწყვეს, ჩემთან შეუთანხმებლად საპროცესო გარიგება შესთავაზეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა მას გირაოთი, 3000 ლარით შეუცვალეს და ისე გაათავისუფლეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ შეუტანია“.
დაზარალებული ჟურნალისტი გამოძიების მიმდინარეობით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ექიმებმა ფეხზე დგომის უფლება მისცეს. შეჩერებულ საქმეში მან მხოლოდ საკუთარი დაკითხვის ოქმი აღმოაჩინა. ნანი ფირცხელავა ამბობს, რომ საგამოძიებო დოკუმენტებში შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არანაირი მტკიცებულება, ნახაზი არ იდო. იყო მხოლოდ მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ბრალდებულის მხარის დაინტერესებით ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჩაიწერა.
ნანი ფირცხელავა: „მე არ დავეთანხმე ექსპერტიზის დასკვნას. გამომძიებლები ცდილობდნენ, რომ დანაშაული 276-ე მუხლის I ნაწილს არ გასცდენოდა. სხვა შემთხვევაში, თირქიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ექიმებს, რომლებსაც მე მივმართე ყველას პოლიციელი ედგა თავზე, ეშინოდათ, დიაგნოზის გაყალბების მცდელობა არ მქონოდა. 22 დღიანი დაკვირვება ჩამიტარეს. არ მეგონა, თურმე მხეცივით მაკვირდებოდნენ... ფიზიკურ ზიანთან ერთად მორალური ზიანიც მომადგა. განმკითხავი არავინ იყო, ისინი ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ“...
2007 წლის 2 ივლის ნანი ფირცხელავამ „ჩაფარცხული საქმე“ 22 გვერდზე და განცხადება სამართალდამცავების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საოლქო პროკურატურას გადასცა. ავარიიდან 1 წლისა და 2 თვის შემდეგ საქმე დაიძრა. საოლქო პროკურატურამ ალფეზ თირქიაზე ძებნა გამოაცხადა, ყადაღა დაედო მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საფოსტო გზავნილებს და საბანკო ანგარიშებს. 2 აგვისტოს კი ძებნილი დააკავეს. საპატრულო პოლიციის გამომძიებლებთან დაკავშირებით კი საოლქო პროკურორის მოადგილემ ნუგზარ მღებრიშვილმა დაზარალებულს აცნობა, რომ დემნა სორდია და არკადი ჯიქია დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ავტოავარიასთან დაკავშიებული საქმის გამო გაათავისუფლეს.
ნანი ფირცხელავა: „მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეხოთ. გამომძიებლების მიერ ჩადენილი დანაშაული კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ამის ფაქტები არსებობს, მაგრამ საოლქო პროკურატურა მას თავს არიდებს. სამსახურეობრივი გულგრილიბა და ბოროტად გამოყენება, დამნაშავის მფარველობა ადმინისტრაციული სასჯელით შეცვალეს. ისინი მოწმის სახითაც არ დაკითხულან. საოლქო პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, წარმოუდგენელი ბარიერი შემიქმნეს. „ასეთი პატარა საქმისათვის ახალაიას ვერ შევაწუხებო“მითხრეს...“
ამ „უთანასწორო ბრძოლაში“ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ორი ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ფირცხელავას თავის ტვინსა და კიდურზე უნდა ჩაუტარდეს, მხოლოდ ევროპულ კლინიკებში კეთდება და 80000 ევრო სჭირდება. ეს თანხა ბრალდებულ მხარეს თავიდანვე უნდა დაკისრებოდა.
ჟურნალისტმა სამოქლაქო სარჩელით კვლავ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ყველანაირი მტკიცებულების წარდგენის მიუხედავად საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ალფეზ თირქიას 9 585 ლარის გადახდა დაეკისრა. ფირცხელავამ განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ბრალდებულს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან ერთად 111 241ლარის გადახდა დააკისრა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, „სრული ჯოჯოხეთური გზა“ ისევ გაგრძელდა.
ნანი ფირცხელავა: „ქუთაისის მოსამართლეებმა მიმითითეს, რომ მეორე სააღსრულებო ფურცელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან უნდა გამომეთხოვა და სააღსრულებო ბიუროსთვის უნდა წარმედგინა. რამდენიმე სიტყვიერი და წერილობითი მიმართვის მიუხედავად სასამართლო თითქმის ორი წლის მანძილზე პასუხისგან თავს იკავებს. 2009 წლის 3 აპრილს ზუგდიდის პროკურატურას განცხადებით კვლავ მივმართე და სასამართლოდან სააღსრულებლო ფურცლის ამოღება, ალფეზ თირქიასა და მისი ნათესავების მიერ წინასწარგანზრახულ ქმედებებზე რეაგირება მოვითხოვე... ს.ს. საქმე ზუგდიდის პოლიციაში აღიძრა, მაგრამ შემდგომი რეაგირებისთვის ისევ პროკურატურას დაუბრუნდა.“
ცხრათვიანი ლოდინის შემდეგ დაზარალებულმა 27 დეკემბერს ზუგდიდის პროკურატურიდან საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული დადგენილება მიიღო, სადაც მითითებულია, რომ პროკურორ მაია ჯაბუას წარმოებაში არსებული საქმე დიმიტრი ხვიტიამ განიხილა.
ნანი ფირცხელავა: „ის, რომ ჯაბუას ჩემს საქმესთან კავშირი ჰქონდა, ნამდვილი აღმოჩენა იყო. მას ჰქონდა იმის საფუძველი, რომ მისთვის წარმოებაში გადაცემული ჩემი საქმე აეცილებინა, რადგან მე იგი ტენდენციურობაში ოფიციალურად ადრეც, რამდენჯერმე დავადანაშაულე. პროკურორი მაია ჯაბუა, მოსამართლე კეკენაძის თანაშემწე ნანა ანთია და თირქიას რძალი დინარა ანთია ნათესავები და მეზობლები არიან...ჯაბუა ჩემი მოსწავლე იყო, ამდენად, მას კარგად ვიცნობ. მან ჩემს საქმეს ხელი შეგნებულად მოჰკიდა. როგორც ჩანს პროკურატურას მხოლოდ ჯაბუა და მისი ქმარი, საჯაია შემორჩა.“
პროფესიით ჟურნალისტმა და იურისტმა ნანი ფირცხელავამ საქმის მოკვლევა უფრო ადრე, თავად დაიწყო. მაშინ, როცა ოფიციალური გამოძიება ალფეზ თირქიას უსახლკაროდ, არაფრისმქონედ აღიარებდა და სააღსრულებლო ბიურო მის ქონებას „ეძებდა“, ფირცხალავამ დაადგინა, რომ სამოქალაქო დავის მიმდინარეობის პერიოდში თირქიამ უძრავ-მოძრავი ქონება გადამალა.
ნანი ფირცხელავა: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა N65341 მტკიცდება, რომ 1978 წლის 21 ივლისის N187 გადაწყვეტილების საფუძველზე 2006 წლის 21 დეკემბერს მოქალაქე ალფეზ თირქიას საკუთრებად დარეგისტრირდა. ამავე ცნობით ზუგდიდში, დემნა შენგელაიას ქ.N29-ში მდებარე საკუთრება დავის მიმდინარეობის მომენტში, 2008 წლის 4 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულებით გადავიდა ალფეზის ძმაზე, ვალერიან თირქიას საკუთრებაში. ანუ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 თებერვალს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი დარეგისტრირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულმა მხარემ წინასწარგანზრახვითვე, ქონების გადამალვის მიზნით მოახდინა მისი გასხვისება.“
ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა საქმეს ტენდენციურად წარმართავს, რითაც მისი უფლებები ილახება, მორალური, მატერიალური ზიანი ადგება და სამართალდამცავები მისი სიცოცხლის ხელყოფას, პატივისა და ღირსების შელახვას ხელს უწყობს.
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, presa.ge]