განათლების სისტემაში არსებული დარღვევები...
გაზიარება
[მიქავა მიტროფანე, პედაგოგი]
გახლავართ ტყაიის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი. 2007 წ. 3 ივლისს რესურს-ცენტრის უფროსის ქალბატონ აზა ჯოჯუას უსაფუძვლო მოტივების საფუძველზე სამსახურიდან გამათავისუფლეს. აზა ჯოჯუა ამასაც არ დასჯერდა და 4 ივლისს “რუსთავი2”-ს და “მზე”-ს ეთერში გაუშვეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე სკოლის დაწვით ვიმუქრებოდი. ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რათა დაეშინებინათ სამეურვეო საბჭოს წევრები, მოეხდინათ მათზე გავლენა. მიუხედავად ზეწოლისა, 6-ივლისს, სამ. საბჭომ დირექტორად აირჩია სკოლაში ყველაზე დაბალი დონის მასწავლებელი, სკოლის დირექტორობის კანდიდატი, ქალბატონი ხ. ბობოხია, რომელიც დირექტორთა შესარჩევ კონკურსში ხელოვნურად, წესისდარღვევით იქნა გაყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები სკოლაში ჩატარდა საარჩევნო კანომდებლობის სრული დაცვით (მეთვალყურეობას აწარმოებდა 3-პოლიციელი, ტელეკომპანია “მზე”-ს 3 წარმომადგენელი და რესურს-ცენტრის 2 თანამშრომელი), ა. ჯოჯუამ ჩატარებული არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადა ადგილობრივი ტელევიზიით.
ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების კანონის (მ.41.პ.4) თანახმად სკოლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად უნდა დანიშნულიყო, სასწავლო ნაწილის გამგე, ქალბატონი ფ. ჩხეტია, სამწუხაროდ, მისი დანიშვნა სკოლის დირექტორად არ შედიოდა ა, ჯოჯუას გეგმებში.
2007 წ. 25 ივლისს სკოლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ზოგადი განათლების კანონის მუხლი 42, ქვეპუნქტი 6, უხეში დარღვევით ინიშნება სამეურვეო საბჭოს მიერ უარყოფილი კანდიდატი, ხ. ბობოხია. მისი დანიშვნა გასაიდუმლოებული იყო, რასაც მოწმობს პირადად ჩემი შეხვედრა ქალბატონ ა. ჯოჯუასთან 9-აგვისტოს და განცხადების ტექსტი, რომელიც მას გადასცა ქალბატონმა ფ. ჩხეტიამ 2007 წ. 16-აგვისტოს.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს, მე არ მიმიტოვებია სკოლა (ა. ჯოჯუა ერთ-ერთ ინზტერვიუში გაზეთ “ქრონიკა” 10-16 სექტემბერი აღნიშნავს, რომ მ. მიქავა კაბინეტიდან ვერ გამოვიყვანეთო) და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას. 2007 წ. სექტემბრის დასაწყისში ჩემთვის ცნობილი გახდა სკოლის დირექტორად ხ. ბობოხიას დანიშვნა. მე მაშინათვე გავემგზავრე ქ. თბილისში და გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნდა სტატია მომხდარის შესახებ, თუმცა მას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია...
2007 წ. სექტემბერში სკოლის სამეურნეო საბჭოს, პედაგოგურმა კოლექტივმა, ასევე ოქტომბერში ზუგდიდის პ.მ.თ პროფკავშირმა (ზ.პმთ,ფ) წერილობითი განცხადებით მიმართეს ქალბატონ ა. ჯოჯუას მოსულიყო სკოლაში და ადგილზე გაერკვია მომხდარი ფაქტი. სამწუხაროდ, ქალბატონ ა. ჯოჯუამ არ მოისურვა პედაგოგთა სამართლიანი მოთხოვნის შესრულება. აი, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მე სკოლაში პედაგოგად მუშაობა შემეწყვიტა (2007-2008 სასწავლო წელს არ მიმუშავია სკოლაში).
2008 წლის 5-მარტს მოხდა სკოლის დაყაჩაღება. გატაცებული იქნა 5-კომპიუტერი. დაყაჩაღება მოხდა საეჭვო ვითარებაში. სკოლის დირექტორის მითითებით დარაჯები ღამის საათებში აღებდნენ კომპიუტერის კაბინეტს და შიგნით, დაუკეტავ ოთახში იძიენებდნენ, მაშინ როდესაც იქვე გვერდით, იმავე ფართის ოთახი თავისუფალი იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ მოქალაქის ლ. უზარაშვილის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს და ადვილი შესაძლებელია, რომ იგი სასჯელისაგან განთავისუფლდეს. ისმება კითხვა: ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული? 2008 წ. 1-ივნისს განცხადებით მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს გენ. პროკურორს, განათლების მინისტრს და ავღნიშნე, რომ კომპიუტერების გატაცება მოხდა რძალ-დედამთილის ხ. ბობოხიასა და ქ. სამუშიას ხელშეწყობით და მათი მფარველი არის ქალბატონი ა. ჯოჯუა, როგორ შეიძლება ამის დამტკიცება?!
2007 წ. 9 იანვარს X კლასის მოსწავლეებმა მომმართეს წერილობითი განცხადებით, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ქ. სამუშიამ შეაძულა მათ სკოლაში სიარული და მოითხოვდნენ მის შეცვლას სხვა მასწავლებლით ეს განცხადება გახდა საბაბი სამუშიასთვის, რომ დაეწყო X კლასელი მოსწავლეების დევნა, შევიწროება. განცხადების ტექსტის ავტორები იყვნენ მოსწავლეები: ე. შეროზია, ქ. მიქავა, ქ, ხვიჩავა, ნ. აკობია. ქ. სამუშიამ ვერ გაბედა ე. შეროზიას შევიწროება, რადგანაც მამამისი სამ. საბჭოს თავმჯდომარე იყო. სამაგიეროდ სახლში მიუვარდა ქეთი მიქავას და მისი ოჯახი ააწიოკა. სკოლის დაყაჩაღების დღეს მორიგე დარაჯი იყო ოთარ ხვიჩავა, რომლის შვილი ქრისტინე ხვიჩავა იყო განცხადების ერთ-ერთი ავტორთაგანი. დაყაჩაღების ფაქტის გამო მთელი ოჯახი დიდიან-პატარიანად ააწიოკეს. როგორც ცნობილი გახდა დამყაჩაღებლები რუსულად საუბრობდნენ. პოლიცია ღამის საათებში თავზე დაადგა ლიკა აკობიას ოჯახსა და მის ძმას (ეს ბავშვები ერთ დროს რუსეთში იმყოფებოდნენ). ერთი სიტყვით ქ. სამუშიამ ასე იძია შური თავის მოწინააღმდეგე მოსწავლეებზე. სხვათა შორის დაპატიმრებული მოქალაქე ლ. უზარაშვილი აკობიას ახლო ნათესავია. ამავე დროს თუ დაყაჩაღება ხ. ბობოხიასა და ქ. სამუშიას გეგმის მიხედვით წარიმართებოდა, მეორე დღესვე, ალბათ მოხდებოდა ჩემი დაკავება და ტელევიზიაში ადრე გაშვებული სიუჟეტის მოშველიებაც. საბედნიეროდ ეს ჩანაფიქრი ხ. ბობოხიასა და ქ. სამუშიას არ გამოუვიდათ იმის გამო, რომ 6-მარტს ზუგდიდში ჩამოვიდა პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მომხდარი ფაქტი ტელევიზიაში არ გაუშვიათ, მას ტაბუ დაადეს. (პრეზიდენტის ჩამოსვლის გამო გადავრჩი).
2009 წლის 16- ივნისს განცხადებით მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრომ მოითხოვა ა. ჯოჯუასაგან ჩემს განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენა და სათანადო ახსნა-განმარტება. ა. ჯოჯუას წარსადგენი არაფერი არ ჰქონდა და რა უნდა წარედგინა. გამოსავალი მონახეს იმაში, რომ 2 და 3 ივლისს ა. ჯოჯუას მითითებით, შვებულებაში გასული მასწავლებლები სასწრაფოდ გამოიძახეს და მუქარით მოაწერინეს ხელი ქ.სამუშიას მითითებით შედგენილ განცხადების ტექსტზე. ზოგიერთმა მასწავლებელმა ეს ამბავი იმდენად განიცადა (პედაგოგი ლ. მიქავა), რომ შეუძლოდ გახდა.
ეს დოკუმენტი ამჟამად ჩემს ხელთ არის და ქალბატონ ჯოჯუას საარჩევნო კანონმდებლობაში ახალ აღმოჩენებს აკეთებს. ის წერს: დირექტორის არჩევნები რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა (კანდიდატ ხ. ბობოხიას ინფორმაცია თან ერთვის), ხმები გაიყო ანუ კონკურსი ჩაიშალა (ზოგ განათ. კან. მ 42. პ.7). ხმები თანაბრად გაიყო (2- მომხრე, 2- მოწინააღმდეგე), მაგრამ არჩევნები ჩატარდა, იგი არ ჩაშლილა, არჩევნების შედეგად დირექტორების კანდიდატი დირექტორად არ აირჩიეს. ა.ჯოჯუას ხ.ბობოხიას არჩევნების ჩაშლა აწყობდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ა. ჯოჯუა საარჩევნო კანონმდებლობაში აკეთებს “გარღვევას”, ე. ი. ჩატარებულ არჩევნებს აცხადებს ჩაშლილად და ამ ვითარებასთან შეუსაბამო ზოგ. განათ. კანონის 42 მუხლის მე-7 პუნქტს იყენებს, სადაც წერია: ‘მცირე კონტიგენტიან სკოლაში კონკურსის სამჯერ ჩაშლის შემთხვევაში განათლების მინისტრი უფლებამოსილია მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი”...
ამ უზუსტობასაც არ სჯერდება ა. ჯოჯუა და იქვე მიუთითებს: ‘იმის გამო, რომ იმ პერიოდში სამინისტროს არ ჰყავდა ტყაიის საჯარო სკოლის ტერიტორიულ კლასტერში სამ. საბჭოსათვის წარსადგენი ასარჩევი კანდიდატრურა და იმავდროულად სკოლაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო ს/ნაწილმა ფ. ჩხეტიამ უარი განაცხადა სკოლის მართვაზე რაც ტყუილია.
დაინიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ხ. ბობოხია... ამ შემთხვევაში ქალბატონი აზა ჯოჯუა აშკარად ცრუობს, ქალბატონ ფ. ჩხეტიასათვის დირექტორობა არავის არ შეუთავაზებია. ჯოჯუამ კარგად იცოდა, რომ ზოგადი განათ. კანონის 41-ე მუხლის მიხედვით ‘დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე”. მაგრამ რესურს ცენტრის უფროსის გეგმაში არ შედიოდა ფ. ჩხეტიას დანიშვნა. ამას ის ადასტურებს, რომ 25-ივლისს ზოგადი განათლების კანონის 42- მუხლის, მე-6 ქვეპუნქტის უხეში დარღვევით ხ. ბობოხიას დანიშვნის ბრძანება გასაიდუმლოებული იყო. იმის გამო, რომ ფ. ჩხეტიას არ შესთავაზეს სკოლის დირექტორობა, მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას და ვიმუშავე 2007 წ. 3-ივლისიდან, ე.ი გათავისუფლების დღიდან 2007 წ. 5-სექტემბრამდე. (ამას ნაწილობრივ ადასტურებს ჩემი განცხადება, რომელიც ა. ჯოჯუას გადასცეს 2007 წ. 15 აგვისტოს).
2009 წ 16-ივნისს ჩემს მიერ სამინისტროში გაგზავნილი განცხადებით მოვითხოვე: პირველი, ა. ჯოჯუა შეხვედროდა სამ. საბჭოს პედკოლექტივს და დაესაბუთებინა მოტივების საფუძვლიანობა. მეორე: კანონის დარღვევით დანიშნული ხ. ბობოხიას თანამდებობიდან გათავისუფლება.
მესამე: ხ. ბობოხიასა და ქ. სამუსიას ხელსეწყობით გატაცებული კომპიუტერების დაბრუნება სკოლაში.
განათლების სამინისტროდან მიღებული პასუხით შემახსენეს როდის და ვის მიერ დაინიშნა ხ. ბობოხია, მაგრამ არაფერია ნათქვამი, მისი არაკანონიერად (თუ უკანონოდ) დანიშვნის თაობაზე. განათლების სამინისტრიოს არა აქვს უფლება პარლამენტის ე.ი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი დაარღვიოს და ისე დანიშნოს ვინმე. ამიტომ განცხადებით მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრს, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ფრდონ თოდუას.
კომპიუტერებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მოქალაქე უზარაშვილი დაკავებულია და თუ მე რაიმე ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, შემიძლია მივმართო შესაბამის ორგანოებს. ამის შესახებ ერთხელ მივმართე შესაბამის ორგანოებს, მაგრამ პასუხად ის მივიღე, რომ ა. ჯოჯუას მითითებით ხ. ბობოხიამ ფინანსურ პოლიციას მიმართა განცხადებით იმის თაობაზე, რომ მე სკოლის ამორტიზირებული გათბობის სისტემა ჩავაბარე ჯართის სახით. ამავე დროს, შინაგან საქმეთა ზედაეწერის სამმართველოს განყოფილებაში გახსნეს პროფილაქტიკური საქმე. ამით შეეცადნენ ჩემს გაჩუმებას, მაგრამ როგორ ვარ გაჩუმებული აგერ ყველანი ხედავენ, კატეგორიულად მოვითხოვ ა. ჯოჯუასაგან, რომ ხ. ბობოხიას და ქ. სამუშიამ დააბრუნონ სკოლაში კომპიუტერები. თუ ჩემი ნათქვამი არასწორად, ცილისწამებად მიაჩნიათ, მიმართონ სასამართლოს და მე დავამტკიცებ სიმართლეს.
2009 წ 2 და 3 ივლისს ა. ჯოჯუას მითითებით მოხდა პედაგოგებზე ძალის გამოყენება, მათი ნების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, ადამიანური ღირსებების შელახვა. ეს ფაქტი პასუხგაუცემელი არ დარჩება. არავის არა აქვს უფლება თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. ა. ჯოჯუას საჯაროდ სკოლაში მოუწევს თავის მიერ უკანონოდ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხის გაცემა.
მოვითხოვ, აღსდგეს კანონიერი სმართლიანობა।
რედაქციისგან: ბატონმა მიტროფანემ, რედაქციაში, წერილში მოხმოფილი ფაქტების დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი წარმოადგინა. როგორც ჩანს რეგიონის განათლების სისტემაში სერიოზული დარღვევები ხდება – რაზეც ჩვენი ჟურნალისტები რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ. სკოლის ყოფილი დირექტორის სკანადალური წერილის შემდეგ მინიმუმ, რესურსცენტრის უფროსმა და ტყაიის სკოლის ამჟამინდელმა დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვონ...
"ღია ბოქლომის" რედაქცია სურვილის შემთხვევაში აუცილებლად დაუთმობს ჟურნალის ფურცლებს აზა ჯოჯუას. აგრეთვე, დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია წარვუდგინოთ დოკუმენტები, რომელიც ზემოთმოცემულ წერილს ერთვის და ამ ნომერში დიდი მოცულობის გამო ვერ გამოვაქვეყნეთ.
მსგავსი სტატიები: