19:06 07.10.2012
უფლებადამცველსა და მედია–კავშირ „ობიექტივის“ წამყვან კოტე ინაშვილს ქალთა N5–ე კოლონიიდან პატიმარი ანა მაზანაშვილი დაუკავშირდა. მისი შვილი, გენადი მაზანაშვილი, რომელიც სასჯელს გლდანის N8–ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ტუბერკულოზით არის დაავადებული. ანა მაზანაშვილის ინფორმაციით, მის შვილს პლევრიტი განუვითარდა და ის საკნიდან N18 ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფილტვიდან წყლის ამოღების შემდეგ კი, ისევ საკანში დააბრუნეს.
მაზანაშვილმა დედამისს შეატყობინა, რომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს.
„მოვუწოდებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებს, მათ შორის N18 ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით ასათიანს, გენადი მაზანაშვილის მიმართ გამოიჩინონ გულისხმიერება და გადაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,–განაცხადა ინაშვილმა.
მედია–კავშირი „ობიექტივი“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს წერილობით მიმართავს.
