14:00 21.09.2011
ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი, პეტრე მამრაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – ეს ის ახალი ფრაქციაა, რომელიც დღე-დღეზე აპირებს ოფიციალურად დარეგისტრირებას. როგორც ჩანს, ერთად შეკვრა იმდენად გაუჭირდათ, რომ ფრაქციაში როტაციის წესი შემოიღეს – ფრაქციის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიცვლება. პარლამენტში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.საინტერესოა, ეს გუნდი, ერთხელაც, ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ალბათ, პრეზიდენტის პოსტსაც ასე როტაციულად გაიყოფს.
ფრაქციაში შემავალ ექვსეულს საკუთარი პოლიტიკური წარსული აქვს და თანაც საკმაოდ ორიგინალური. მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძეს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა თავისავე ფრაქციის ხელმძღვანელთან, გიორგი თორთლაძესთან. ორივე ცდილობდა დაძაბულობის დამალვას, მაგრამ ეს იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ბოლოს აღიარეს დაპირისპირება. თუმცა ყველაფერი „მესამეს“ გადააბრალეს და ერთად დარჩნენ. სწორედ ამ ერთად დარჩენის შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ თორთლაძე ლორთქიფანიძეს ფრაქციიდან გარიცხვას უპირებდა...
საკუთარი პარტიიდან გარიცხულია თამაზ დიასამიძეც. ის ნაციონალების ყველაზე ჩუმი წევრი იყო. არასოდეს ხმას არ იღებდა და არასოდეს არაფერს აპროტესტებდა, სანამ... ერთ დღესაც ოპოზიციის მხურვალე მხარდამჭერი არ გახდა. განცხადებებიც ისეთივე რადიკალური ჰქონდა, როგორც, მაგალითად, ქუჩაში მომიტინგე დავითაშვილს. ამიტომაც ის სწორედ ისეთ ადგილზე გადასვეს, სადაც ოპონენტი უნდა იჯდეს. დღეს მან საკუთარი თავი ახალ ოპოზიციურ ფრაქციაში იპოვა...
უპარტიო, ან პარტიაწართმეული შეიძლება ვუწოდოთ პეტრე მამრაძეს. მთელი მისი საპარლამენტო მოღვაწეობა იმით შემოიფარგლებოდა, რომ სესიის დაწყებისას დარბაზში შემოვიდოდა, საკუთარ, დეპუტატის მანდატს გაატარებდა, ანუ დაფიქსირდებოდა და დარბაზს იმაზე უფრო ადრე ტოვებდა, ვიდრე ჯონდი მიკროფონთან მივიდოდა...
სხვათა შორის, პარტიიდან გარიცხულია ჯონდი ბაღათურიაც. მართალია, დღეს ლეიბორისტები ბაღათურიას ემეგობრებიან, მაგრამ ყოველთვის ასე შეხმატკბილებულებიც არ ყოფილან. დაახლოებით 2005-2006 წლებში ჯონდი ერთი აქტიური ლეიბორისტი იყო. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ის უფროსობამ ხელისუფლებასთან ჩუმ კონსულტაციებში ამხილა და პარტია ხმაურიანად დაატოვებინა. მაშინ ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ზღვარსაც კი გადასცდა – ერთმანეთისთვის არც მუქარა დაუკლიათ. დღეს ეს ისტორია აღარც ჯონდის „ახსოვს“ და აღარც ლეიბორისტებს. თუმცა დიდი შანსია, რომ ლეიბორისტებს გაახსენდეთ, როცა ჯონდის გეგმას გაიგებენ. ჯონდი სწორედ ლეიბორისტების კუთვნილ კვოტას ითხოვს ხელისუფლებისგან.
ლეიბორისტებმა, ზოგიერთი ოპოზიციონერის მსგავსად, 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ მანდატებზე უარი კი განაცხადეს, მაგრამ კანონით გათვალისწინებული პროცედურები არ გაუვლიათ, ასე რომ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ისინი დეპუტატებიად ითვლებიან. ოღონდ „ღრმა ბოიკოტს“ ინარჩუნებენ და სხდომებზე არ ცხადდებიან, თუმცა ხელფასს ყოველთვიურად იღებენ. შალვა ნათელაშვილის სიიდან მაშინ პარლამენტში 6 კაცი გავიდა. და ამდენად, მათ აქვთ უფლება, ჰყავდეთ ვიცე-სპიკერი. ნათელაშვილი ამ პოსტის გამოყენებას არც ადრე აპირებდა და არც ახლა აქვს ამის სურვილი. სამაგიეროდ, ვიცესპიკერობა ჯონდის ოცნებაა. მით უმეტეს ახლა, როცა ფრაქციის წევრი გახდა, ახალ ფრაქციაში მიღებული როტაციული წესის გამო კი ოდესმე ამავე ფრაქციის თავმჯდომარეც იქნება ექვსი თვით.
ჯონდის ლეიბორისტების მიერ „გაფუჭებული“ კვოტის ათვისება სურს, მაგრამ ლეიბორისტები, ალბათ, არასოდეს დადგებიან იმ ჭკუაზე, რომ ჯონდი ბაღათურია ვიცე-სპიკერის პოსტზე წარადგინონ.
შესაბამისად, არსებობს კიდევ ერთი გზა – გადააყენონ გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით გავიცესპიკერებული პაატა დავითაია. არ ვიცი, რატომ ჰგონია ვინმეს ეს ადვილი საქმე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯონდი, როცა უნდა, ჯიუტ ბავშვს ემსგავსება.
საქმე ის არის, რომ როგორც პაატა, ისე ჯონდი, სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით არიან პარლამენტში, მაგრამ დავითაია აირჩიეს. ჯონდის კი ისღა დარჩენია, მივიდეს და წაართვას.
პაატა დავითაია:
– სპიკერატში ადგილს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი. ჩემი თანამდებობიდან მოხსნის ორი ვარიანტი არსებობს. ამის გაკეთება საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, მაგრამ მათ დასჭირდებათ სერიოზული პოლიტიკური განმარტებების გაკეთება, ან ჩემ მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს გამორიცხულია. და მეორე. ჩემი გადაყენება უნდა მოითხოვოს ჩემმავე ფრაქციამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, ფრაქციის თავმჯდომარე კი მე ვარ. მე რომ საკუთარ თავს არ გამოვიწვევ, ეს გასაგებია. შესაბამისად, ესეც გამორიცხულია.
სოსო შატბერაშვილის განცხადებითაც ისინი არ აპირებენ არანაირი კვოტის დათმობას და აცხადებენ, არც ნებართვის ასაღებად მოუმართავს ჩვენთვის არავისო.
სოსო შატბერაშვილი:
– ჩვენ არავის არაფერს არ დავუთმობთ. იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ არანაირი თანამდებობები არ გვინდა. ჩვენ რომ თანამდებობები გვდომოდა, შევიდოდით პარლამენტში, ვიცე-სპიკერის პოსტსაც მივიღებდით, ფრაქციასაც შევქმნიდით და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც დავიკავებდით. მით უმეტეს, არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს ახალი ფრაქციის წევრებთან. ერთადერთხელ ვთხოვეთ, რომ მოეწერათ ხელი სააკაშვილის იმპიჩმენტის დოკუმენტზე და მართლაც მოაწერეს. სხვა მხრივ, არანაირი კონსულტაცია არანაირ საკითხზე არ გვქონია და ეს გამორიცხულიცაა. თუ მათ რაიმე თანამდებობის დაკავება სურთ, ვუსურვებთ წარმატებას.
ასე რომ, დარჩა ერთადერთი გზა – ახალმა ფრაქციამ იმის ილუზია შექმნას, რომ მას პარლამენტში ავიწროებენ.
ptpress.ge
