19:43 20.09.2011
2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". რესპოდენტის თქმით თვითმფრინავი რომელშიც ლეგენდარული მსახიობი ნატო ვაჩნაძე იჯდა, 1953 წლის 14 ივნისს მის თვალწინ ჩამოვარდა! ხარჩილავა განცხადებით, წერილი რომელშიც ნატო ვაჩნაძის დაღუპვაზეა საუბარი, ვლადიმერ შენგელიას ბრძანებით ტრაგედიიდან 156 წლის შემდეგ უნდა გაიხსნას!
– 1953 წლის 14 ივნისს წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის დღე. უჩვეულო ხმა გაისმა – როგორც მერე გაირკვა, ეს იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ხმა. სოფელთან ახლოსაა ის ადგილი და მახსოვს, სამი დღე კვამლი ასდიოდა ნამწვავებს, ნისლივით ჩამოწვა კვამლი, ხოლო ნამწვის სუნი კარგა მანძილზე გავრცელდა.
ჩემი სახლი სოფლის შემაღლებულ ადგილზე დგას, მთელ სოფელს გადაჰყურებს, იქიდან ძალიან კარგად ჩანს ის ადგილი სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
–ბატონო ვახტანგ, 1953 წლის 14 ივნისს წვიმიანი დღე იყო? როგორც ამბობდნენ, ნატო ვაჩნაძის თვითმფრინავი ჭექა–ქუხილში მოყვა.
– არა, ნათელი, მზიანი დღე იყო, ჭექა–ქუხილი კი არა, წვიმის ნატალამიც არ ყოფილა თვითმფრინავი დილით ჩამოვარდა – იქ ტყეა, მერე ეწერი ადგილები იწყება, ახლოს არის ჩაის პლანტაციებიც.
თვითონ შენგელიებიც ამ სოფლიდან არიან, ობუჯი ნიკოლოზ შენგელიას მშობლიური სოფელია. ნატო ვაჩნაძის და მისი მეუღლის ნიკოლოზ შენგელიას გარდაცვალებაში რაღაც მისტიკაცაა. ნიკოლოზ შენგელია კახეთში გარდაიცვალა, ნატო ვაჩნაძის სოფელთან ახლოს, ხოლო ნატო ვაჩნაძე – სამეგრელოში, ნიკოლოზის სოფლის სიახლოვეს.
–ბატონო ვახტანგ, ნატო ვაჩნაძის ტრაგედიაში ლავრენტი ბერიას სდებდნენ ბრალს, თითქოს მისი დავალებით მოხდა ეს კატასტროფა. რა იცით ამის შესახებ?
– ვერ გეტყვით, ამ ტრაგედიაში ბრალი რამდენად მიუძღვის ლავრენტი ბერიას ან ოფიციალურად რა გამოცხადდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად, მაგრამ იმას კი დაბეჯითებით გეტყვით, რომ 1953 წლის 14 ივნისს სამეგრელოში ჭექა–ქუხილი არ ყოფილა, მზიანი, ნათელი დღე იდგა. ვისაც ეს დღე ახსოვს, ყველა დაგიდასტურებთ!
ინტერვიუს სრულ ვერსიას
შეგიძლიათ გაეცნოთ
"ასავალ დასავალის" ამ კვირის ნომერში.
