14:06 21.09.2011
გალის №2 საშუალო სკოლის დირექტორმა ახრა კვეკვესკირმა, გასულ კვირაში სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო, გუშინ მშობელთა კრება მოიწვია, იუწყება livepress.ge-ს სოხუმელი კორესპოდენტი ამრა ადლეიბა. მისივე ცნობით, კრებაზე, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, ახრა კვეკვესკირმა განაცხადა, რომ ორ მეთერთმეტე კლასელს, რომელთა მიზეზითაც მას მთელი კლასი დაუპირისპირდა, სკოლაში აღარ დაუშვებს. დანარჩენ 20 მოსწავლეს კი გალის მილიცია აღრიცხვაზე აიყვანს. ამრა ადლეიბას ინფორმაციით, ახრა კვეკვესკირმა მშობლებს უთხრა, რომ „თუ თქვენი შვილები ჭკვიანად არ იქნებიან, ქართული ენის სწავლებას გავაუქმებო“. მშობელთა კრებას გალის განათლების განყოფილების უფროსი დაურ კილანავაც ესწრებოდა. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, კილანავა კრების მიმდინარეობას თვალ-ყურს ადევნებდა და სკოლის შენობა ისე დატოვა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერი უთქვამს. შეგახსენებთ, რომ გალის №2 საშუალო სკოლის დირექტორმა, გაკვეთილების ხარჯზე სკოლის ეზოში მყოფ ორ მეთერთმეტეკლასელს სცემა, რის შემდეგაც მოზარდებს თანაკლასელები გამოესარჩლნენ და სკოლის დირექტორს სცემეს.
livepress.ge
