13:32 16.07.2012
გიორგი ფოჩხუა მოკლეს და ზღვაში შემდეგ გადააგდეს. ძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობას ვერ დაგისახელებთ და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს თავად გააკეთებენ, - ამის შესახებ გიორგი ფოჩხუას დამ, ელენე ფოჩხუამ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ გიორგი მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა. ზუგდიდისკენ მობრუნებულებს გზად გიორგის მამაკაცი გამოელაპარაკა და ძველი ნაცნობობა შეახსენა.
"თავი შეახსენა. რომელიღაც რესტორნის მეპატრონე ყოფილა. მეგობრები მოშორებით იდგნენ და გიორგის დაურეკეს, რომ ეჩქარა სახლში წასასვლელად. გიორგიმ უპასუხა, რომ 5 წუთში დაგეწევითო; მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ.
გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მიცვალებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე მოსაზრებით, გიორგი ფოჩხუა ჯერ ცემეს, მოკლეს, მერე ტანზე გახადეს და ზღვაში გადააგდეს.

