ავტორი ილია ჩაჩიბაია
04:20 10.01.2012
თბილისის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა 18 სამკურნალო დაწესებულებაში ახალი წელი კიდევ ერთი პატიმრის წამებით "აღინიშნა". საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც შსს მიერ შეთითხნილი ბრალდებით სასჯელს იხდის, კალმახელიძის ციხის ჯალათების მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა. "ამას არ უნდა ექიმი, ცოტა დაიცალოს სისხლისგანო" – ასე "ამხნევებდნენ" სიკვდილის პირას მყოფ 22 წლის ბიჭს დაწესებულების თანამშრომლები.უფრო კონკრეტულად, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გიორგი ოქროპირიძე იმ წერილში ყვება, რომელიც მისმა დედამ ცირა გოდერძიშვილმა მოგვაწოდა:
გიორგი ოქროპირიძე: – რამდენიმე დღის წინ ჩემი განთავსების ადგილზე (თერაპიული განყოფილების N5 საკანი) მომინახულა ამავე დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსმა, ზურაბ ბულბულაშვილმა, რომელმაც გადმომცა პირადი ჰიგიენის ნივთები (ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი საპონი). ამავე დროს მან მითხრა, რატომ არ მოაწერე ხელი თავის დროზე საკითხს, სადაც ეწერა, რომ თითქოს მე დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები. აღნიშნულზე განვაცხადე, რომ ვითხოვდი პასტას, ფურცელს, ადვოკატთან შეხვედრას და რაიმე განსაკუთრებული და უკანონო მოთხოვნა მე არ მქონია. ასევე ვუთხარი - რატომ მღუპავთ? რაზეც პასუხად მივიღე - "შენ დაღუპვა აწი ნახე" და დაამატა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა სასამართლოშიც, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განუცხადებდნენ მოსამართლეს და კიდევ უფრო დამძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა. ზურაბ ბულბულაშვილი კიდევ ერთხელ დამემუქრა სანქციების დამატებით. ამის შემდეგ იგი წავიდა.
მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, ამ დრომდე გარდა ტუალეტის ქაღალდისა და სარეცხი საპნისა, არ მაქვს პირადი ჰიგიენის ნივთები, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ვახერხებ საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გარეცხვას. გატეხილია კოვზი, თუმცა არ მაძლევენ ახალ კოვზს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩემს საკანში ანთებულია ელექტრონათურა. ასევე არ მიკეთებენ გადახევევას ჭრილობებზე და არც მედპერსონალი მოსულა ჩემთან ორი დღეა.
ჩემს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ამა წლის აპრილში ევროსასამართლოს მივმართე. აქვე გაცნობებთ, რომ დაკავების დღეს ვიყავი დაჭრილი ფილტვის, ღვიძლის და დიაფრაგმის არეში, რის გამოც ღუდუაშაურის სახელობის საავადმყოფოში ჩამიტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც დავვადდი ვირუსული ცე ჰეპატიტით. ა.წ. ოქტომბერში ევროსასამართლოდან ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება, რათა ჩამტარებოდა მკურნალობა. ამის გამო ამა წლის 1 დეკემბერს თბილისის N1 დაწესებულებიდან გადმომიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
შეყვანისთანავე ჩაგვამწკრივეს კედელთან, რის შემდეგაც დაწესებულების რეჟიმის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თოლორდავამ დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, რაც გამოიხატებოდა გინებაში, როგორც ჩემი მისამართით, ასევე სტრასბურგის ევროსასამართლოს მისამართითაც. მიწოდებდნენ ინტრიგანს, ვინაიდან საჩივარი მაქვს შეტანილი ევროსასამართლოში.
ამავდროულად, შეურაცხყოფის მოყენება დამიწყო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა, რომელიც მაგინებდა. მან ასევე მკითხა თუ რა სასჯელი მქონდა და რისთვის ვიყავი გადმოყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში, რაზეც მე გავეცი ამომწურავი პასუხი, რის შემდეგაც მან მითხრა, რომ "დროებით გაქვს 13 წელი და დროებით გაქვს ცე ჰეპატიტიო“ და დამემუქრა სანქციის დამატებით, ხერხემლის დაზიანებით და კიდევ სხვა დაავადებების შეყრით. ასევე დაამატა, რომ ისე მცემდა, რომ სხეულზე არ შემეტყობოდა დაზიანებები და ექსპერტიზა ვერაფერს დაადასტურებდა. აღნიშნულზე მე ვკითხე თუ რით დავიმსახურე შეურაცხყოფა, რაზეც მიპასუხეს, რომ სტრასბურგითო.
ამის შემდეგ გამიყვანეს დაწესებულების ზედა სართულზე ასასვლელებთან, სადაც ჩამიტარეს ჩხრეკა, სადაც კვლავ ასე უმიზეზოდა განაგრძეს ჩემი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რასაც დაემატა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა სილების გარტყმაში, თავისა და სახის არეში. ამის შემდეგ ჩამომართვეს სპორტული სვიტერი, ბლოკნოტი და წამიყვანეს მიმღებში, სადაც გავიარე აუცილებელი სამედიცინო პროცედურები, რის შემდეგაც მორიგე კონტროლიორმა ამიყვანა დაწესებულების მე-3-ე სართულზე, ქირურგიულ განყოფილებაში. მომათავსეს N18 საკანში, სადაც ჩემს გარდა იმყოფებოდა კიდევ ორი მსჯავრდებული, რომლებიც დაავადებულნი არიან მძიმე ფორმის დაავადებებით, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი, ტუბერკულოზი და შიდსი.
ერთ დღეს, დაახლოებით შუადღის პერიოდში გიორგი ავსაჯანიშვილმა გამოაღო ჩემი საცხოვრებელი საკნის "კორმუშკა" და დამიძახა, რათა გავსულიყავი საკნიდან. გამოვედი საკნიდან და შევედი ჩემი საკნის მოპირდაპირე მხარეს და ოდნავ მარჯვნივ მდებარე საორდინატორო ოთახში, სადაც მითხრა - "არ გეგონოს სტრასბურგით რამე გაგივა“. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გინებაში, ხოლო შემდეგ კვლავ გამარტყეს სილები, თავისა და სახის არეში. ავსაჯანიშვილს თან ახლდა ალექსანდრე თოლორდავა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ჩემს შეურაცხყოფაში...
ამის შემდეგ, ყვირილით და გინებით შემიყვანეს ჩემს საკანში. მორიგე ოფიცრებმაც დამიწყეს აგდებული ლაპარაკი და იყვნენ გამოწვევაზე... ამავდროულად აგდებით და არაეთიკურად მეპყრობოდა ერთ-ერთი ექთანი, სახელად ნანა, რომელიც მიყვირის გამუდმებით და ასევე მაყენებს შეურაცხყოფას, განსხვავებით სხვა მედპერსონალისგან, რომლებიც საკმაოდ კარგად და თავაზიანად მეპყრობიან.
ამა წლის 14 დეკემბერს გამიყვანეს სასეირნოდ და დასარეკად, მაგრამ ტელეფონით ვისარგებლე დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც აპარატი გაითიშა და ვერ ვისაუბრე გათვალისწინებული 15 წუთით. ამის გამო ვთხოვე მორიგეს, რომ მოეცათ უფლება დამერეკა სხვა აპარატიდან, რა დროსაც მოვიდა დაწესებულების ორი თანამშრომელი, ერთ-ერთი იყო თოლორდავა, რომელმაც აგდებით მითხრა - "დაგარეკინოს სტრასბურგმაო".
ახალი წლის დღეებში კვლავ იღება ჩემი საკნის "კორმუშკა" და მეძახის ზემოაღნიშნული ექთანი ნანა, რომელმაც მითხრა, რომ უნდა დამელია წამალი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ჯერ საუზმე არ იყო დარიგებული და ამ პრეპარატის მიღება საჭირო იყო საკვების მიღების შემდეგ (პროფესორ ქესაშვილის დანიშნულებით), რაზეც ექთანი ლანძღვით გაბრუნდა და მითხრა, რომ საერთოდ აღარ მომიტანდა წამალს...
საკანში გინებით შემოვარდა ალექსი თოლორდავა, რომელმაც გაშლილი ხელი დამარტყა კეფის არეში და ძალის გამოყენებით გამიყვანა საკნიდან და შემიყვანა საორდინატოროში, სადაც კვლავ რამდენჯერმე გამარტყა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის საპასუხოდ მე მოვითხოვე საწერი კალამი, ფურცელი, ადვოკატთან და სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრა, რამაც იგი უფრო გააშმაგა და უფრო გამწარებულმა დამიწყო ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ თოლორდავამ მისცა მითითება მორიგეს, რომ შევეგდეთ მარტო ისეთ საკანში, სადაც ლოგინის მეტი არ იქნებოდა არაფერი.
იმავე დღეს საღამოს საათებში საკანში შემოვიდა ზურაბ ბულბულაშვილი, რომელმაც განმიცხადა, რომ დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები. თუმცა, რა დავარღვიე, არ განმიმარტა, რის გამოც ერთი თვე მეკრძალებოდა დაწესებულების მაღაზიით სარგებლობა. ამასთანავე მან მოითხოვა ხელის მოწერით დამედასტურებინა ყოველივე ეს, რაზეც უარი განვუცხადე და მოვითხოვე ადვოკატთან და სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრა, რის საპასუხოდაც იგი დამემუქრა და წავიდა. იმავე დღეს ცემის შედეგად ვაღებინე სისხლი.
ამოვიდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები, რაც ითვალისწინებდა ორ თვემდე ადმინისტრაციულ სანქციებს, რაზეც მე კვლავ ვკითხე, თუ რა დარღვევაში მედებოდა ბრალი. მან მიპასუხა, რომ სასამართლო გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაამართლებდა დაწესებულების ადმინისტრაციის პოზიციას და შემიფარდებდნენ ადმინისტრაციულ სახდელს. მან ასევე დაამატა რომ "ახლა გიშველის სტრასბურგიო“ და წავიდა, ხოლო წასვლამდე კვლავ დამემუქრა, რადგან მე კვლავ უარი ვუთხარი საქმეზე ხელის მოწერაზე, რომ თითქოს მე დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები.
მალევე ამოვიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც გადამიყვანეს შენობის მეორე სართულზე, თერაპიულ განყოფილებაში, N#5 საკანში, სადაც დგას ერთი საწოლი, ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერით და სადაც გამუდმებით ანთებულია ელექტრონათურა, რომელსაც არც ღამე აქრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ვიყავი უკიდურესად განერვიულებული, ვითხოვდი ადვოკატთან შეხვედრას, პასტას და ფურცელს, რაც არ დამიკმაყიფილეს და პროტესტის ნიშნად (რაც გამოწვეული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული ზეწოლებით) ყელის და მარცხენა ზედა კიდურის არეში მივიყენე თვითდაზიანებები.
დაახლოებით ერთი საათი არ მოიყვანეს ექიმი, ხოლო როდესაც მოიყვანეს, ისევ უკან გააბრუნეს – "ამას არ უნდა ექიმი, ცოტა დაიცალოს სისხლისგანო“. დავკარგე საკმაო რაოდენობით სისხლი. ამავდროულად კვლავ მემუქრებოდნენ დაწესებულების თანამშრომლები. ცოტა ხანში დამაწყებინა კანკალი. მკვეთრად გაუარესდა ჩემი მდგომარეობა, რის შემდეგაც ამიყვანეს მე-4 სართულზე, ქირურგიულ შესახვევში და მარცხენა ზედა კიდურის ჭრილობაზე დამადეს 4 ნაკერი.
დეკემბრის ბოლო დღეებში, დილით შემოვიდნენ საკნის გასაჩხრეკად. საკანი იყო სისხლში მოსვრილი. ამ დროს გიორგი ავსაჯანიშვილმა და თოლორდავამ მითხრეს, რომ თუნდაც სისხლისგან ბოლომდე დავცლილიყავი, ვერ მივიღებდი ადვოკატთან შეხვედრის უფლებას – დამემუქრნენ მოკვლით, დაინვალიდებით და მითხრეს, რომ ყოველივე ამას დააბრალებდნენ სუიციდის მცდელობას.
დაახლოებით 14.30 წუთისთვის წამიყვანეს სასამართლოზე, სადაც ბრალდების მხარედ გამოდიოდა ავსაჯანიშვილი, რომელმაც ვერანაირი დასაბუთება ვერ მოახდინა მის მიერვე მოყვანილი ფაქტების. ასევე ვერ უპასუხა ჩემი ადვოკატის დავით დადიანის მიერ დასმულ შეკითხვებს. ყოველივე ეს განვუცხადე მოსამართლეს და ვითხოვე დახმარება, რადგან ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე და ვითხოვე სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. მიუხედავად ყველაფერი აღნიშნულისა, სასამართლომ დამაკისრა ადმინისტრაციული სახდელი ერთი თვის ვადით, რასაც მე არ ვეთანხმები და მსურს გავასაჩივრო.
სასამართლოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებისას, გზაში თან მახლდა გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ საქმეში მიწერია თვითმკვლელობის მცდელობა და დამემუქრა, რომ "გიპოვნიან მკვდარსო". აღნიშნულზე, მინდა განვაცხადო, რომ სუიციდის მცდელობა არ მქონია არასდროს, არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ თავის მოკვლას. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა გადამიყვანონ სხვა დაწესებულებაში, რადგან N18 დაწესებულებაში ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ამავე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან" – ამბობს გიორგი ოქროპირიძე.
