17:25 09.11.2011
2011 წლის 7 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, სადაც წამოიჭრა და გაანალიზდა არაერთი საჭირბოროტო საკითხი.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს იმ ცენტრალურ პრობლემას, რომლის გადაჭრაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მთელი საზოგადოებრივი ძალის მობილიზებას მოითხოვს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ეს ამოცანა ვერ გადაწყდება დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის შემუშავების გარეშე და სამოქალაქო საზოგადოებამ მთელი ძალისხმევა სწორედ ამ ამოცანის გადაჭრისკენ უნდა მიმართოს.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ერთად, ახლო მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას დაიწყებს:
1. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო მექანიზმების შექმნა.
2. ყველა იმ პირის სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდასაჭერ პროცესებში ჩაერთვება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდება.
3. პატიმრების დასახმარებლად მიმართული სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა და თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანობის განცდა პრიორიტეტული იქნება იმ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 25 ნოემბერს დააფუძნებს.