ავტორი ილია ჩაჩიბაია
17:06 03.11.2011
1 ნოემბერს ზუგდიდის #4 საპყრობილეში, ბადრაგის თანამშრომლებმა 42 წლის პატიმარი წამებით მოკლეს. მურმან კალანდიას ოჯახი, ციხის ექიმის და სხვა დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს. მათი თქმით დანაშაულში ეჭვმიტანილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიკვდილამდე ცემეს. ცხედარს მრავლობით სისხლჩაქცევებთან ერთად სიგარეტით მიყენებული იარები და შუბლზე ჩაქუჩის დარტყმით გამოწვეული სასიკვდილო ჭრილობა ემჩნევა.
კალანდიები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ყვებიან და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას ბოლომდე გეგმავენ. შვილმკვდარ დედას დავუკავშირდით და გულწრფელი სამძიმრის შემდეგ, მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ.
ჟუნა კალანდია, მოკლულის დედა: “16 ოქტომბერს შვილი ციხეში მოვინახულე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. 31 ოქტომბერს კვლავ მინდოდა მურმანს შევხვედროდი, ექიმს გავესაუბრე და მისი მდგომარეობის შესახებ ვკითხე. მიპასუხა პატიმარი თავს კარგად გრძნობსო. სხვა პატიმრებსაც გამოველაპარაკე, შემომჩივლეს, შუაღამისას შემოვლენ და გვეუბნენიან “კაიფში“ ვართ და უნდა გცემოთო. ალბათ, 1 ნოემბერს გამთენიისას, სწორედ ასეთ დროს შემოაკვდათ ჩემი შვილი...
ხელის ერთ–ერთი თითი მოტეხილი, ხოლო სხეული სიგარეტით ამომწვარი აქვს, ზურგზე წითელი ხაზები აქვს, ვფიქრობ ხელკეტითაა ნაცემი. მკლავი ჩალურჯებული, შუბლი და ცხვირი გატეხილი... ვითხოვ ექიმის დასჯას, რომელმაც ჩემი შვილი არ გასინჯა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს დიდი უსამართლობაა! უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც შვილი მომიკლეს!!!.“
მედეა კალანდია, მოკლულის და: “სასიტიკი ცემითაა ჩემი ძმა მოკლული. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა, გვაცნობეს დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილიო. არ ვენდობით სახელმწიფო ექსპეტიზას და მოვითხოვთ საქმეში კერძო ექსპერტების ჩარევას. მივმართავ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და გამოიძიოს ჩემი ძმის სულისშემძვრელი მკვლელობა“.
კალანდიას უმცროსი ძმა სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის, სწორედ ის დაუკავშირდა ოჯახს 2 ნოემბერს და უთხრა, რომ მისი ძმა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და არავის მოუკლავს, რასაც ოჯახი ზეწოლად მიიჩნევს. ჟენია კალანდია შიშობს, ფაქტის გახმაურების შემდეგ სააკაშვილი-კალმახელიძის ჯალათებმა საფრთხე მისი მეორე შვილის სიცოცხლესაც არ შეუქმნან.
მურმან კალანდიას წამებით მკვლელობას აპროტესტებს ადამიანის უფლებათა დამცველი გია თევზაძე, რომელიც წამებაში და მკვლელობაში მონაწილე პირთა გამოვლენას და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. იმავდროულად საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მოუწოდებს ეს ფაქტი ასახოს პარლამენტის წინაშე წარსადგენ თავის მორიგ ანგარიშში.
მურმან კალანდიას ზუგდიდში სამშაბათს დაკრძალავენ. ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება და მისი სადისტური სამინისტროები საამუდამოდ დაიკრძალებიან ისტორიულ სასაფლაოზე, სამართალდამცავებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ სატკივარი ჭირისუფალს და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.