15:26 12.09.2011
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიაში იუსტიციის სახლი და სხვადასხვა ობიექტები გახსნა, მათ შორის, ზუგდიდი-მესტიის მაგისტრალი.
სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც სვანეთში კეთდება, მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგია და კეთდება არა იმიტომ, რომ საქართველო მხოლოდ საფოსტო ბარათებზე გამოიხატოს ლამაზად, არამედ რეალურად გალამაზდეს.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სვანეთში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება. "საქართველოს მოდერნიზაციის დასახული პროგრამის განხორციელების შემდეგ, 2015 წელს, თავს დავდებ, რომ სვანეთში იქნება მინიმუმ, ნახევარი მილიონი დამსვენებელი, 35-ჯერ მეტი, ვიდრე არის მოსახლეობა მესტიაში", - აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა სვანებს, დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, რათა მარტო თავი კი არ ირჩინონ, არამედ გამდიდრდნენ და გაამდიდრონ დანარჩენი საქართველო. "არა მხოლოდ სიღარიბემ უნდა დატოვოს ერთხელ და სამუდამოდ სვანეთი, არამედ ეს უნდა იყოს საქართველოს ყველაზე მდიდარი ხალხით დასახლებული რეგიონი და ეს ნამდვილად ასე იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სვანეთში მაცხოვრებლებს განსაკუთრებული კულტურა და ნიჭი გააჩნიათ. "მე დავავალე, რომ აქ შეიქმნას ქორეოგრაფიული სკოლა, რადგან მსოფლიოში უნიკალური ფოკლორი და ქორეოგრაფია აქვთ სვანებს, ასევე აქ არის უნიკალური მხატრობა, სამშენებლო ტექნოლოგია; სვანეთი არის უძველესი, ყველაზე მაღალი ევროპული დონის საქართველო", - აღნიშნა პრეზიდეტმა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სვანებმა ადვილად აითვისეს უცხო ენები და უცხოელებთან ურთიერთობა.
სააკაშვილმა მოუწოდა ბიზნემენებს, განახორციელონ ინვესტიციები სვანეთში და "დროზე ამოვიდნენ, სანამ კიდევ არის ამ მხარეში ადგილი ფეხის დასადგმელი".
მან მადლობა გადაუხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრს. "მინდა მადლობა ვუთხრა ერთ გადარეულ გურულს, რამაზ ნიკოლეიშვილს, რომელსაც არც ღამე სძინავს და არც დღე; გურული კი არის, მაგრამ როგორც კი სვანეთში მოხვდები, სამი დღე ამ ჰაერს ისუნთქებ და სვანურ ქუდს დაიხურავ, ყველა სვანი ხდება, ეს შემჩნეული მაქვს - მე უკვე სამ დღეზე მეტი მაქვს აქ გატარებული და დიდიხანია გასვანებული ვარ, მათსავით ვაზროვნებ და ვუყურებ ცხოვრებას და ნამდვილად მომწონს ამით ჩემი თავი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტს სვანეთში.