ავტორები: თეონა ისაშვილი, თეონა ბალავაძე
17:59 27.01.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ „112“–ის სერვისის ტარიფის დაწესების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს, ამ საკითხზე დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე მამუკა ბალიაშვილმა განაცხადა: „აღნიშნული ისეთივე უკანონო და აბსურდული გადაწყვეტილებაა, როგორიც დენის და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთზე მიბმა“.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 24 ნოემბერს მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ფიქსირებული, გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტს მოუწევს სსიპ „112“–ის მომსახურეობის საფასურის გადახდა.
თითოეულ აბონენტს ყოველთვიურად 5 ლარის გახარჯვის შემთხვევაში - 20 თეთრი, ხოლო იურიდიულ პირებს - 50 თეთრი ჩამოეჭრებათ, მიუხედავად იმისა გამოიყენებენ თუ არა ისინი არსებულ მომსახურებას.
