სექსი! აი ასე – ხმამაღლა ვთქვი, რომ ვიღაცა გოიმი არ გეგონოთ! მე ულტრათანამედროვე აზროვნების, უახლესი ევროპული ღირებულებების მატარებელი, ულტრალიბერალი და კიდევ რა ვიცი, კიდევ უამრავი რაღაცა ვარ და ამიტომაც აი ასე თავისუფლად, გაბედულად და არავისი რომ არც მრცხვენია და არც მეშინია, აი, ისე ხმამაღლა ვამბობ – სექსი! გინდათ კიდევ გავიმეორეო? უი, არა? რატომ? შეგეშინდათ თუ შეგრცხვათ? ვაი, თქვე გოიმებო თქვენა! ოცდამეერთე საუკუნეა, განა მეჩვიდმეტე... ჰე, მიდით, გაიმართეთ წელში და ყველამ ერთხმად ხმამაღლა შესძახეთ – სექსი!
გაზიარება
[ბაკურ სვანიძე. 22:33 31-03-2011]
მაინც ვერ ბედავთ? თქვენ თუ არ შესძახებთ ხმამაღლა, ეგ არაფერი, სამაგიეროდ, ყველა ქართული ნაციონალური მაუწყებელი შესძახებს თითქმის ყოველდღე მთელი ქვეყნის გასაგონად – სექსი! გამოიღვიძე ქართველო ერო! რას ჩასჩერებიხარ იმ შავბნელ წარსულს, ტრადიციას, სასაცილო თავშეკავებას? გამოიღვიძე – თავისუფალი სექსი თავაშვებულად მოჯლიგინებს ჩვენს მამულში!
აი, დაახლოებით ამას ვკითხულობ ხოლმე იმ ადამიანების სახეებზე, რომლებიც ამ ბოლო დროს ასე “თავისუფლად” ააქტიურებენ საქართველოში “აქამდე სასტიკად ტაბუდადებულ სექსის თემას”. მთელი ეს ფრაზა ბრჭყალებში სწორედ იმიტომ ჩავსვი, რომ ეს ყოველივე, სინამდვილეში ჩვეულებრივი ბლეფია. სექსის თემა, საქართველოში უკვე დიდი ხანია ტაბუდადებული სულაც არ არის და აღარც “ქორწინებამდე ქალიშვილობის შენარჩუნებაა” იმდენად აქტუალური რამ, რომ ამის გამო “სადედამთილომ სარძლო დაიწუნოს”.
მაშ რა ხდება? რატომ გადავიდნენ ჭკუიდან, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი წელია ქართული ტელევიზიები? მე პირადად, ამისი მარტივი ახსნა მაქვს – მთელ ქართულ ტელესივრცეს (და არა მარტო მას) მართლაც რომ გამოკვეთილად გარყვნილი აზროვნების მქონე პროვინციალები, გოიმები და კომპლექსიანი ადამიანები დაეპატრონენ! მთავარი პრობლემა კი, ის არის, რომ ეს მართლა გოიმები, იმ გარყვნილებას, რის პროპაგანდასაც მართლაც ასეთი თავაშვებულობით ეწევიან ნაციონალურ მაუწყებლებზე, “ევროპული ტიპის სექსის თავისუფლებად” ასაღებენ...
ლირიული გადახვევა: რამდენიმე თვის წინ ერთი, თბილისში ტურისტად ჩამოსული ახალგაზრდა ევროპელი კაცი გავიცანი. სხვათა შორის ვკითხე, საქართველოში ქალები როგორ მოგწონს-მეთქი? თქვენ წარმოიდგინეთ, მითხრა, ქართველი ქალების ნახვა სულაც არ მიკვირს, ძალიან ბევრნი მყავს ნანახი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიო. კარგი და, რას იტყვი მათზე მეთქი? წარმოუდგენელი რამ მიპასუხა. (ქართულს ახერხებდა) სიტყვა-სიტყვით ასე:
- თბილისელები კიდე ჰო, მაგრამ (აქ სამი ისეთი რაიონული ცენტრი ჩამოთვალა საქართველოსი, პირი ღია დამრჩა. არ დავასახელებ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომელიმე რაიონი გამოვარჩიე), აი, აქაურები კი, სულ ბოზები! ბოზები! ბოზებიო!-ო (ზუსტად სამჯერ გაიმეორა)
ჩავეძიე. აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ ლაპარაკობდა ლუკმა-პურის საშოვნელად წასულ გაჭირვებულ იმ ქართველ ქალებზე, რომლებსაც სიდუხჭირემ ევროპულ “პანელებზე” დგომა და “პუტანკობა” აიძულა და რომლებიც საკუთარი სხეულისათვის გასამრჯელოს იღებენ. არა, ის საუბრობდა იმ ქართველ გოგონებზე, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან საცხოვრებლად, ან სამუშაოდ, ან სასწავლებლად არიან წასული და ცხოვრებაც ასე თუ ისე ნორმალურად აქვთ აწყობილი!
- მეც ეგ მიკვირს, ასე უფასოდ რატომ ბოზობენო? – აქეთ მკითხა ევროპელმა მამაკაცმა...
მერე ეტყობა სახეზე დიდი დაბნეულობა შემატყო და ამიხსნა: - ნორმალური ევროპელი ქალი რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლის პარტნიორ მამაკაცს, ვიდრე ბოლო მათგანთან ოფიციალურ ქორწინებაში შევა და ეს “ბოლო მამაკაცი” დაახლოებით, მეოთხე ან მეხუთე პარტნიორია. ქართველი გოგონები კი ერთ წელიწადში რამდენიმე, ზოგჯერ ხუთზე მეტ პარტნიორ მამაკაცს იცვლიან და ეს ხომ ბოზობაა, აბა რა არისო?
ეს უკვე იმისთანა სახით მკითხა, შოკისგან თუ გაოცებისგან თუ არ ვიცი რისგან, ისტერიული სიცილი ამიტყდა და ვიდრე თავად მან არ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე ვეღარც გავჩერდი...
ჩემთვის აშკარა ინფორმაციის შემცველი იყო ეს საუბარი. იმ ინფორმაციისა, რომ იმას, რასაც ჩვენ “ევროპულ სექსის თავისუფლებად” გვასაღებენ, (თითქოს ამით ჩვენში “ევროპული” მენტალიტეტის ჩამოყალიბებას ცდილობენ) შუაგულ ევროპაში დაბადებული და გაზრდილი, (აშკარა ევროპული მენატალიტეტის მქონე) ახალგაზრდა ევროპელი მამაკაცი “ბოზობად” აღიქვამს!
რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროპაში მყოფი ყველა ქართველი ასე იქცევა, მაგრამ გარკვეული ტენდენცია, აშკარად შეუნიშნავს იმ ჩემს ნაცნობ ევროპელ ახალგაზრდა კაცს. საქართველოს იმ სამი რაიონის ხსენებაც არ არის შემთხვევითი: ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ სადაც ნაკლებად არის ინფორმაცია “ნამდვილი ევროპის” შესახებ, იქიდან ევროპაში მოხვედრილებს, გაცილებით იოლია “ბოზობა” “ევროპულ სექსის თავისუფლებად” შეასაღო! სინამდვილეში კი, ევროპას დიდი წითელი ხაზი აქვს გავლებული “სექსის თავისუფლებასა” და “თავაშვებულ გარყვნილებას” შორის, გამოკვეთილი წითელი ხაზი! შედარებით ბაცი, მაგრამ გამოკვეთილი და კარგად შესამჩნევია ეს ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც!
აბა, რა არის ის, რასაც ჩვენ ეს “ულტრათანამედროვე-ლიბერალ-ევროპულად მოაზროვნ-ქუულ” ტიპის ადამიანები გვიქადაგებენ, რომლებიც ასე უხვად გამოჩნდნენ ბოლო ორი თუ სამი წელიწადა ქართულ ტელეარხებზე? ნამდვილად არ ვიცი რა ვუწოდო იმას, როდესაც ერთ-ერთი ნაციონალური მაუწყებლის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი ქალბატონი ეკითხება მეორე ამავე ტელეკომპანიის ცნობილ წამყვან ქალბატონს: - “ბოლოს სექსი როდის გქონდა?” - და ისიც ძალიან ამაყი და “ევროპული მენტალიტეტის” გამომხატველი სახით პასუხობს: - “გუშინწინ!”
მერე ეს “გუშინწინ გაჟიმული” ჩვენ ყველას, ვისაც მისი ეს “თამამი” განცხადება არ მოგვეწონა, ისე გვიცქერს, როგორც გოიმებს, გამოუსვლელებს, პროვინციალებს, ჩამორჩენილებს და ქაჯებს, რომლებიც ხელს ვუშლით ჩვენი სამშობლოს ჩაბმას “ევროპულ თავისუფალ ფერხულში”...
დავიჯერო, ევროპელი ქალების დიდი ნაწილი აი ასე, საჯაროდ, მთელ ქვეყანაზე მაუწყებელი ტელევიზიის ეთერით (არა რაიმე სპეციფიკურ, თემატურ, არამედ სულ სხვა თემაზე აწყობილ გადაცემაში) ამაყად განაცხადებს “გუშინწინ გამჟიმესო”? მე ვიყო არაევროპელი, თუ ნებისმიერმა ნორმალურმა ევროპელმა ქალმა (მით უმეტეს ცნობადმა სახემ) ასეთი კითხვის ღია ეთერში დამსმელი (მით უმეტეს ცნობადი სახე) ვულგარულ ადამიანად არ ჩათვალოს და არ უპასუხოს – “იცით, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და მე ბოლოს სექსი როდის მქონდა, ამის შესახებ საუბარს ჩემი უახლოესი დაქალებისთვის შემოვინახავ, თუკი მომინდება საერთოდ ამ თემაზე საუბარიო”.
არადა, საქართველოში, მართლაც აივსო ნაციონალური მაუწყებლების ეთერი ასეთი “გუშინწინ გაჟიმულებით”. რომელ არხზეც გინდა გადართო, ზოგან კაცი მისდევს კაცს “გასაჟიმად” (აქ მაყურებლის ჩაბჟირებამდე სიცილია ნაგულისხმევი რატომღაც), ან ქალი ახტება კაცს წელზე გაშლილი ფეხებით (აქ მაყურებლის ოვაცია და “ქალური სითამამის” შექებაა გათვალისწინებული), ან ქალი ებდღვნება ტუჩებში ქალს (ჭეშმარიტი “ევროპული” ღირებულება!) ან კიდევ კაცი დარბის და მთელი ხმით ღრიალებს – “ქალი მინდააააა!”, “ქალი მინდაააა!” (აი, აქ რაღა ჯანდაბაა ჩაფიქრებული ვერ გავიგე), ანდაც აი, როგორც ზემოთმოყვანილ მაგალითშია, ვერბალურ სექსაობას მიმართავენ ხოლმე “გუშინწინ გაჟიმულები”.
რა უბდეურებაა ეს? ვინ, რომელი სულელი იჯერებს, რომ ეს სრული მარაზმი და თავაშვებულობა ან “ევროპული”, ან “ამერიკული” ან რომელიმე სხვა კონტინენტის, ქვეყნის, პლანეტის თუUგალაქტიკის ღირებულებაა? ზუსტად ვიცი, ოცდამეერთე საუკუნეში, ცხოვრების საოცრად სწარფი რიტმისა და მეგაპოლისების ეპოქაში “მანდილის მცველობა”, “ქალიშვილობის ინსტიტუტის დამრღვევთა კონტროლი”, “კდემამოსილების ძიება” და ასეთები, სასაცილო და ფუჭი მცდელობაა, მაგრამ მე ვიყო არაევროპელი, თუ როდესმე საჯაროდ დავიწყო იმის მოყოლა გუშინწინ მქონდა სექსი თუ ორი საათის წინ, რადგან სწორედ ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ გოიმობად, პროვინციალიზმად, ჩამორჩენილობად, ქაჯობადაც და სხვა ყველა ამგვარადაც!
მართლაცდა, რა დაგვემართა ქართველებს? ყველაგან, თითქმის ყველა გაზეთში, ყველა ტელევიაზიაში, ყველა რადიოში, ყველა ბოლოდროინდელ ქართულ კინოფილმში, ყველა ჟანრში – კომედიურში, ტრაგიკულში, ცხოვრებისეულში, საბრძოლოში – “ტაბუდადებული” კი არადა, ყველაზე აქტიური, ყველაზე წინა პლანზე წამოწეული თემა სწორედ სექსია.
24 საათი ისმის – “იმან ის გაჟიმა”, “მე ამან გამჟიმა”, “ეს მე გავჟიმე”... ფრთხილად ვიყოთ, რათა “გუშინწინ გაჟიმულები” “ზეგ” არ მივხვდეთ, რომ “ევროპული მენტალიტეტი” კი არ ჩაგვინერგეს, არამედ, სინამდვილეში მთელი ქვეყანა, მთელი ჩვენი ღირებულებები თავზე დაგვაჟიმეს “გუშინწინ” და მერე, ზუსტად ისე “გაჟიმულები” მიგვატოვეს, როგორც უნამუსო კაცებმა იციან ხოლმე აცუნდრუკებული ქალების მიტოვება!
და კიდევ ერთიც: ცნობილი ამბავია, გერმანელ მწერალს, მორი გოტლიბ საფირს, ერთმა მოქიშპე მწერალმა, კამათისას უთხრა: “ბატონო საფირ, თუ დააკვირდით, მთელი კამათის განმავლობაში, მე მხოლოდ ღირსებაზე ვლაპარაკობ, თქვენ კი მხოლოდ ფულზეო!”. საფირმა ახედა მოქიშპეს და მიუგო: “ყველაფერი რიგზეა კოლეგავ, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ორივე მთელი ამ კამათის განმავლობაში სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვაკლიაო”...
იქნებ და, სწორედ ასეა საქმე თქვენს შემთხვევაშიც, ბატონო/ქალბატონო “გუშინწინ გაჟიმულებო”, ჰა?