"ქართული პარტიის" ლიდერებმა ჟენევაში გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებზე სამი ძირითადი გადაწყვეტილება მიიღეს.
გაზიარება
[21:21 09-12-2010]
როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, პარტიის პოლიტიკური ინფრასტრუქტურა გაძლიერდება და მომავალი ორი თვის განმავლობაში თბილისის ყველა რაიონში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში ოფისები გაიხსნება.
"ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში შეიქმნას და გამოიცეს "სააკაშვილის დანაშაულთა შავი წიგნი", რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნება და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდება", - განაცხადა გუნცაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს "ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის" განხორციელებას და განსაზღვრავს, რა გზით და რა ვადებში უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ლიდერებმა ლევან გაჩეჩილაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, სოზარ სუბარმა, კოკა გუნცაძემ და ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკური კონსულტაციები შვეიცარიაში 3-7 დეკემბერს გამართეს.