ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი მადონა დავიანტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს მიმართავს და აცხადებს, რომ შაშკინისა და ინგლისურის უცხოელი პედაგოგის შეხვედრის ამსახველი ფოტოები მას არ გაუვრცელებია.
გაზიარება
[16:37 16-12-2010]
როგორც დავიანტიმ აღნიშნა, ის უკვე მალე პენსიაში გადის და არ სურს სკოლიდან ასეთი უსამართლობის გამო წავიდეს, ამიტომ სიმართლის დადგენამდე სკოლას თავისი ნებით არ დატოვებს.
“გათავისუფლების ოფიციალური მიზეზად დირექტორმა ორი თათბირის გაცდენა დამისახელა. სინამდვილეში კი, იმის გამო გამომიშვეს, რომ ოპოზიციონერ კახა მიაქაიასთან, რომელმაც ეს საკანდალური ფოტოები გაავრცელა, შორეული ნათესაობა მაკავშირებს. ჩათვალეს, რომ შაშკინისა და უცხოელი პედაგოგის შეხვედრის ამსახველი ფოტოები მიქაიას მე მივაწოდე. მარტო ჩემი გათავისუფლებით პირდაპირ გაჩნდებოდა ეჭვები, ამიტომ ჩემთან ერთად კიდევ ხუთი მასწავლებელი გაათავისუფლეს. მზად ვარ, დავამტკიცო ჩემი სიმართლე. არადა, ის ფოტოები მე ნამდვილად არ გამივრცელებია”,- "მედიანისუსთან" საუბრისას აცხადებს მადონა დავიანტი.
მისი თქმით, სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ სკოლასთან მჯდომარე აქციას მართავდა. მას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ მიაკითხა და პრესასთან სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის უარყოფა და აქციის შეწყვეტა სთხოვა სანაცვლოდ კი, სკოლაში აღდგენასა და დირექტორის ხათუნა დარასელიას გამოცვლას დაჰპირდა.
“პრესას ჩემი გათვაისუფლების ნამდვილი მიზეზის შესახებ ვუამბე. კონჯარიამ კი მითხრა დავალება გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და თუ გაჩუმდებით, სკოლის დირექტორსაც შევცლით და თქვენც აღგადგენთო. როდესაც სკოლაში დავბრუნდი, იქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. აღარც საათები მქონდა და არც შტატში ვიყავი აღდგენილი და დირექტორიც იგივე იყო. ბოლომდე ვიბრძოლებ და სამართლიანობას მაინც აღვადგენ, სასამართლოშიც შევიტანე საჩივარი და განათლების მინისტრსაც მივმართე. ვნახოთ, რა იქნება”, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას მადონა დავიანტიმ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართუმა საინფორმაციო საშუალებებმა ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის არატრადიციული ორიენტაციის ამსახველი ინტიმური ფოტოები გაავრცელა, რასაც ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მშობლების აღშფოთება მოჰყვა. მშობლებმა პედაგოგის სკოლიდან დათხოვნა მოითხოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად ჩავიდა ზუგდიდში, ინგლისურის პედაგოგს შეხვდა, თუმცა სამინისტროს ამ შეხვედრის გახმაურება არ სურდა. მოგვიანებით შაშკინისა და ინგლისურის მასწავალებლის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ოპოზიციას ჩაუვარდა ხელში, სკოლაში კი, შიდა მოკვლევა დაიწყო, თუ ვის შეეძლო აღნიშნული ფოტოების გადაღება და გავრცელება. რამდენიმე დღეში სხვადსხვა მიზეზით რვა პედაგოგი დაითხოვეს მათ შორის დირექტორი და მისი მოადგილე.