[ვიდეო რეპორტაჟი] ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილს-17 წლის რატი მილორავას, ძმას-25 წლის სერგო ბესელიას, მათთან ერთად დაკავებულ როინ ცაგარელსა და 17 წლის ვალერი კირვალიძეს ვერდიქტი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა და 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ხოლო სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელს კი-2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 4 000 ათასლარიანი ჯარიმა. ისინი მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ქობულეთში, კაფე-ბარ "ელზაში" ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. როგორც ეკა ბესელიას ძმისა და შვილის ადვოკატი აცხადებს, სასამართლომ განაჩენი დღეს ეკა ბესელიას პოლიტიკურ შეხედულებებს გამოუტანა.
დღევანდელი სხდომა წინა სასამართლო პროცესისგან განსხვავებით პატარა დარბაზში ჩატარდა, რომელმაც დასწრების მსურველთა უმეტესობა ვერ დაიტია. სასამართლო პროცესს დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგნლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სასამართლო დარბაზში ბადრაგის საჭიროზე მეტი რაოდენობით ყოფნა მიუღებლად მიიჩნიეს.
პოლიტიკური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ სკოლის მოსწავლესთან დაკავშირებით მსგავსი განაჩენის გამოტანა უსამართლობაა, ამის ჩამდენნი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოშივე გასაჩივრდებიან. მათივე განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში მსგავსი უკანონობაა, 31 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის დრო არ არის.
მსჯავდებულთა ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
[თინათინ ჭკუასელი, tv25.ge]