გუშინ საქართველოში რიგით მეექვსე ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჰქონდათ.
გაზიარება
[მარი ახსიაშვილი. 14:46 03-07-2010]
გამოცდა, წინა წლების მსგავსად, ორ სესიად ჩატარდა.
სტუდენტობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში - 08:00 საათზე დაიწყო, პირველი სესია კი - 09:00 საათზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციას დაესწრო. ამასთან, შაშკინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობას ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა.
შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც მივიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი სტუ-ში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა. შაშკინი მეორე სესიის რეგისტრაციასაც დაესწრო.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ფოთში 900 აბიტურიენტი აბარებს. ქალაქში ერთი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. საგამოცდო ცენტრის კურატორ თენგიზ ქილიფთარის განცხადებით, გამოცდები ყველა წესის დაცვით 09.00 საათზე დაიწყო და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქუთაისის ორივე საგამოცდო ცენტრშიც ყველა წესის დაცვით დაიწყო. ქუთაისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორ ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით, გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ორივე საგამოცდო ცენტრში პროცესს 200-მდე დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრები იმერეთის 12 რაიონზე სამეგრელოს ნაწილსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კონტინგენტზეა გათვლილი.
რაც შეეხებათ გალელ აბიტურიენტებს, მათ ზუგდიდში გადმოსვლის დროს პრობლემა შეექმნათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტებს ე.წ. მესაზღვრეებმა პირადობის მოწმობები წაართვეს.
"გუშინ ეს ბავშვები გადმოდიოდნენ იმისათვის, რომ დღეს დასწრებოდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რვა მათგანს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლისას აფხაზეთის მხრიდან მესაზღვრეებმა პრობლემები შეუქმნეს. მათ ჩამოართვეს პირადობის მოწმობები. საბედნიეროდ, ბავშვებმა მოიფიქრეს და ისინი მოწმობების გარეშე მაინც გამოცხადდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ჩვენ დავუშვით მათთვის გამონაკლისი. ამ დროისათვის მათ აღვუდგინეთ პირადობის მოწმობები. შეშფოთებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გალელ აბიტურიენტებს ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები ექმნებათ", - განაცხადა მიმინოშვილმა.
გალის რაიონის აბიტურიენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას არ აპირებენ, - ამის შესახებ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა განაცხადა.
ხომერიკის ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა გალის რაიონის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსეთის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ლიმიტით სარგებლობა შესთავაზა.
"თუმცა, გალელი აბიტურიენტები არ აპირებენ არც აფხაზეთის და არც რუსეთის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას. 192 მათგანი ამ დროისთვის ქართულ მხარეზეა და საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს ", - განაცხადა დალი ხომერიკმა.
მინისტრის ინფორმაციით, გალელი აბიტურიენტების უმეტესობამ ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე დღით ადრე გადმოკვეთა და ამ მხრივ მათ პრობლემები არ შექმნიათ.
"მხოლოდ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სასაზღვრო პოსტზე რამდენიმე აბიტურიენტი გააჩერეს და პასპორტები დროებით ჩამოართვეს, თუმცა, მალევე დაუბრუნეს და მათ ზუგდიდის რაიონში გადმოსვლა შეძლეს", - განაცხადა დალი ხომერიკმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2010 წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან 30 000-ზე მეტი სტუდენტი გახდება. ჩარიცხული სტუდენტებიდან, დაახლოებით, 9 000 მიიღებს დაფინანსებას - სახელმწიფო გრანტს. დაფინანსების განაწილება წინა ოთხი წლისგან გასხვავებულად მოხდება. აბიტურიენტები გრანტს ოთხივე სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნის სკალირებული ქულის დაჯამებით მიიღებენ. მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ 30, 50, 70 და 100-პროცენტიანი დაფინანების მიღება.
24საათი