"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს.
გაზიარება
[14:46 03-07-2010]
[14:46 03-07-2010]
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ძაგნიძემ განუცხადა, მისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა ლევან გაჩეჩილაძე მოსკოვში გამგზავრებას, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას გაჩეჩილაძე დღეს აპირებს. მისივე თქმით, საგანგებო პრესკონფერენციას "დაიცავი საქართველოს" ლიდერი მოძრაობის ოფისში გამართავს.
ხუთშაბათს "ინტერპესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ჩასვლას გეგმავს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნოღაიდელია იმ შეხვედრების ორგანიზატორი, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე რუსულ პოლიტიკურ წრეებთან გამართავს.
აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელები თავს იკავებენ. როგორც სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე აცხადებენ, ამის შესახებ მათ არაფერი იციან.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რიგით მერვე ვიზიტით მოსკოვში 28 ივნისს გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელს შეხვედრები აქვს "ედინაია როსიასა" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც მოსკოვში ექსპრემიერის წინა ვიზიტების დროს იხილებოდა, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებას და კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დევნილების დაბრუნებას.
"ინტერპრესნიუსი"