გაზიარება
[22:47 29-06-2010]
რუს ჯაშუშთა დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალი აშშ-დან რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამომგზავრებისთანავე აგორდა,- აღნიშნავს დასავლური მედია. გამოძიების ფედერალური ბიურო გამოძიებას შვიდი წლის მანძილზე აწარმოებდა, ხოლო ჯაშუშთა დასაკავებლად ბლიც-ოპერაცია სწორედ მაშინ მზადდებოდა, როცა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები არლინგტონის სწრაფი კვების ობიექტში საუზმობდნენ და ორმხრივი ურთიერთობების ”გადატვირთვას” განიხილავდნენ, აღნიშნავს La Republicca.
საგულისხმოა, რომ 10 ჯაშუშიდან - სამი ”მიხაელ ზოტოლი”, ”პატრიცია მაილზი” და ”მიხეილ სემენკო” სწორედ არლინგტონში დააკავეს, სადაც ობამა და მედვედევი მშვიდად საუბრობდნენ და ჰამბურგერებს შეექცეოდნენ.
The New York Times-ის მონაცემებით, ობამას არ სურდა, რომ დაპატიმრების ოპერაცია მედვედევის ვიზიტის დასრულებისთანავე დაწყებულიყო, მაგრამ სპეცსამსახურები შიშობდნენ, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებას დაიგვიანებდნენ, ვინაიდან მათი ინფორმაციიით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქვეყნიდან გასვლას აპირებდა. 11-ვეს დაკავება მაინც ვერ მოხერხდა: ერთი მათგანი კვლავ ძიებაშია, - წერს ”ინოპრესა”.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სპეციალისტები ჯაშუშთა ”ამერიკანიზაციის” ხარისხმა გააოგნა. ყველა მათგანმა შესანიშნავად იცოდა რამდენიმე უცხო ენა. კონტრდაზვერვის ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერაციაში მასშტაბური მომზადება გაიარეს, სადაც მოკლე ტალღებზე მუშაობა და დაშიფრული კოდების გამოყენება შეისწავლეს. ყველა დაკავებული რუსია, რომლებიც ბრწყინვალედ აზროვნებენ და იქცევიან, ისე როგორც ეს ნამდვილ ამერიკელს შეეფერება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც შპიონაჟთან დაკავშირებულ სკანდალზე გარკვეული დროით დუმილს ამჯობინებდა, ბოლოს და ბოლოს, კომანტარი გააკეთა. რუსი დიპლომატების თქმით, ამერიკელთა ქმედება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების "გადატვირთვაზე” ძალიან ცუდად აისახება.
"ჩვენთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს "ცივი ომის" დროინდელი ფორმითა და სულისკვეთებით შპიონაჟის სკანდალის აგორება", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.
მისი თქმით, "მსგავსი გამოხდომები დამახასიათებელი იყო წარსულისთვის, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არცთუ სახარბიელო იყო. ძალიან საწყენია, რომ ეს ყველაფერი დღეს თავად აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების "გადატვირთვის" ფონზე ხდება".
newsru.com