სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ინტერნეტ-გვერდებზე გავრცელდა, “ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელის მოადგილე ეკა წამალაშვილიც იმედის” ეთერით გამოეხმაურა. მან ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა და განმარტა, რომ მასალა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს. ეკა წამალაშვილის თქმით, საუბარი მასა და არველაძეს შორის ეხებოდა გადაცემის შინაარს, ფორმასა და ტექნიკურ მხარეებს.
“ჩემი აზრით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი და მათ დასჭირდათ გარკვეული დრო, რათა მასალა ასეთი სახით მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის’’, – დასძინა მან.
წამალაშვილმა კომენტარი გააკეთა “მოდელირებული ქრონიკის” თაობაზეც და როგორც პასუხისმგებელმა პირმა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უფრო ნათლად განემარტათ საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო წარმოსახვითი, “მოდელირებული ქრონიკა” და არა დღევანდელი რეალობა.
“ჩვენ შორის იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე კამათიც, თუ როგორ გასულიყო გადაცემა ეთერში. ამ გადაცემის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ და მოხდა ისე, როგორც მოხდა”, – აღნიშნა წამალაშვილმა და დასძინა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და უერთდება ‘’ტელეიმედის’’ ბოდიშს საზოგადოების წინაშე.
შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით, საუბრის თემა, 13 მარტს გასული “სპეციალური რეპორტაჟის” დაგეგმვაა, ამ ჩანაწერის მიხედვით, იმიტირებულ “ქრონიკის” შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ფლობდა .
[gtn]