[ქიზიყი]დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი საზოგადოებას ქალაქის ცენტრში დადგმული ორი წყლის ნიჟარისთვის მადლობის გადახდას აიძულებს.
ამგვარი მოწოდება ბენაშვილმა გაზეთ ,,შირაქის" გუშინდელ ნომერში გამოაქვეყნა: ,,თანხების სიმცირის გამო პროექტში გათვალისწინებული არ იყო სასმელი წყლის ნიჟარების დადგმა, თუმცა მაინც გაკეთდა. ასე რომ ქალაქში მოსიარულეებს წყურვილი აღარ შეაწუხებთ. ეს კი კეთილი ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებისგან გულწრფელ მადლობას იმსახურებენ`` - წერს ბენაშვილი.
მისი ამგვარი დამოკიდებულება მოსახლეობამ დაყვედრებად აღიქვა, ბევრმა მათგანმა ამ განცხადებას ბრიყვული უწოდა: ,,წყალზეც მადლობის თქმას გვავალდებულებენ. აღარაფრის ცხვენიათ. ისე გამოდის, თითქოს ქალაქის გალამაზება მათ მოვალეობაში არ შედის. - წუხან დედოფლისწყაროელები.