18:08 07.04.2012
ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა დარჩენილი, რადგანაც ხელისუფლებამ სოფლის მცხოვრებლების მალულად გაასხვისა მათი კუთვნილი მიწები. მისივე თქმით, სოფლის საჯარო სკოლა დანგრევის პირასაა მისული. სკოლის 1, მე-2, და მე-3 კლასელებს ერთ საკლასო ოთახში უტარდებათ გაკვეთილები.
„ეს არის ის რეალობა, რომლის დანახვაც სააკაშვილს არ უნდა. ეს არის სააკაშვილის და შაშკინის განათლების რეფორმა. ამ სკოლაში არა თუ ინტერნეტი, ფანჯარაში შუშაც არ არის ჩასმული. სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება. საკმარისია რამდენიმე კილომეტრი გადაუხვიო მაგისტრალიდან, ხედავ ნამდვილ საქართველოს დანგრეული სკოლებით, უმუშევარი ადამიანებით და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი პაციენტებით. მე ჩავალ ყველა სოფელში და ავუხსნი ჩვენს მოქალაქეებს თუ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ქართული ოცნება ეს არის ჯანმრთელი, განათლებული, დასაქმებული და სამართლიანი საქართველო“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეს მოსახლეობას შეხვდება.
presage.tv