14:49 20.01.2012
ქუჩა არ არის სასაკლაო! ნუ ნადირობთ ქუჩაში! აქ ბავშვები თამაშობენ, უფროსები - ნადირობენ! ასეთი შინაარსის ტრანსფარანტები გამოიტანეს დღეს ზუგდიდელებმა ქალაქის ცენტრში, სადაც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შინაური ცხოველები, კერძოდ ღორები ცეცხსასროლი იარაღით დახოცეს.აქციის ორგანიზატორმა მოქალაქე გოჩა ლაგვილავამ ზედამხედველობის სამსახურს მოუწოდა შეცვალოს შინაური ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. ქუჩაში გამვლელი რიგითი მოქალაქეების მსგავსად, აქციის მსვლელობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხიაც აკვირდებოდა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შინაური მაწანწალა ცხოველების ცეცხსასროლი იარაღით დახოცვის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა. სწორედ ამ კადრების გავრცელების შემდეგ გადაწყვიტეს მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია მოეწყოთ ზუგდიდის ბულვარში.
livepress.ge
