ავტორი ილია ჩაჩიბაია
16:43 00.00.2012
რუსეთის „კაგებეს“ გენერალი თემურ ალასანია ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილის ბიძა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაინიშნა მრჩევლის თანამდებობაზე.
დიახ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბანდიტად აღიარებული თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებს მუშაობას და ამ ნაბიჯით სააკაშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მსოფლიო თანამეგობრობასაც პირდაპირ ეუბნება, რომ საქართველოში უპირველესი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებია.
„საერთაშორისო ურთიერთობებში 38 წლის მოღვაწეობის შემდეგ პენსიაზე გავედი. ვრჩები კონსულტანტად. რაღაც ფორმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩეველი ვიქნები, მექნება სხვა ფუნქციებიც“, – ამბობს თემურ ალასანია.
ერთად გავიხსენოთ მიშას ბიძის ბოლო პერიოდის მოღვაწეობა და მივხვდებით თუ რატომ გამოიყვანა სააკაშვილმა სოროდან თემურ ალასანია. ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს საქმე ძალიან ცუდად, რომ წაუვიდათ ყველასათვის ცნობილია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ როდესაც სააკაშვილს ყველაზე ძალიან გაუჭირდა ბიძას უხმო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არჩევნების დაფინანსებაში, გაყალბებაში და ამომრჩეველთა დაშინებაში. უკვე ცხადზე-ცხადი გახდა, რომ 2012-213 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაცვის სამინისტროში ფორმალურად, მრჩეველად დანიშნული ალასანია ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად სჭირდება. „მექნება სხვა ფუნქციებიც“ – სწორედ ასე თქვა ალასანიამ და საქვეყნოდ დაადასტურა რომ მომავალ არჩევნებში 2008 წლის მსგავსად აქტიურ მონაწილეობას და რუსეთის დახმარებით მიშას მესამე ვადით ხელისუფლებაში დატოვებას გეგმავს. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, სააკაშვილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ამისთვის თადარიგი უკვე დაჭერა. სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ბიძა მიავლინა!
2005 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „მადნეული“ და მისი შვილობილი კომპანია „კვარციტი“ გასაყიდად გამოიტანა. ტენდერში რუსულ-ბრიტანულმა კომპანიამ „სტენტონ ექვითმა“ და „ინვესტ ჯგუფმა“ გაიმარჯვეს, რითაც ოქროს საბადოების 97.25%-იანი წილი მოიპოვეს. „ინვესტ ჯგუფი“ თეჯმურ ალასანიას საკუთრებაა.
თემურ ალასანიას სახელს უკავშირებენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ, გარდაცვალების ისტორიას. ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი თბილისი აეროპორტის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი იყო. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ტენდერის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა თურქული კომპანია “გელები ჰოლდინგი” რომელსაც თემურ ალასანია ლობირებდა, ხოლო ზურაბ ჟვანია ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოდიოდა. აი რა გახდა სააკაშვილი-ალასანიას მიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის და მისი სახელის შებღალვის მოტივით ცილისწამებლური ჭორების დაყრის მიზეზი.
უცხოური პრესა ხშირად წერდა, რომ ალასანიას, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ ხშირად ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს და მის გარეშე ერთი გადაწყვეტილების მიღებაც კი შეუძლებელია.
სააკაშვილის ბიძის სახელი ტაჯიკეთში და მსოფლიოს შავ ბაზრებზე იარაღის ვაჭრობით არის ცნობილი. ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხებზე მუშაობს, `იარაღის ბარონად“ წოდებულ ეროვნებით ტაჯიკ იარაღით მოვაჭრეს ვიქტორ ბოუტსა და თემურ ალასანიას შორის კავშირის მის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე ადასტურებდა. სილვერმენი წერდა, რომ ბოუტსისა მისი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თემურ ალასანიასთან და ამ უკანასკნელმა მას საქართველოს საშუალებით იარაღით ვაჭრობის ნებართვა მოაპოვებინა. სილვერმენმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც ამტკიცებდა, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იარაღის ექსპორტი სწორედ საქართველოდან ხორციელდებოდა. მაგალითად, 2009 წელს, ტაილანდში, ბანკოგში დააკავეს ბათუმში რეგისტრირებული ილ-76-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც 40 ტონა სამხედრო შეიარაღება გადაჰქონდა.
გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა 2007 წელს კონგოში, 2009 წელს ფილიპინებში და 2010 წელს აზერბაიჯანში, როცა ბაქომ დააკავა რამდენიმე რადიკალური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთაც, დიდი რაოდენობით იარაღი სწორედ საქართველოს საშუალებით მიიღეს.
ვფიქრობ, ალასანიას შავბნელი საქმიანობის დამამტკიცებელი ეს რამდენიმე ფაქტი სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ მკვლელ და კრიმინალ ბიძაზე ერთგვარი წარმოდგენა შეგექმნათ. ბანდიტური ბიზნესები, რომელიც ალასანიას ეკუთვნის, საქართველოს სახელს საერთაშორისო საზოგაოების თვალში საგრძნობლად აკნინებს. მაშინ როდესაც „ლიბერალური ღირებულებების“ მქონე საქართველოს ძალად პრეზიდენტი ყოველდღიურად, უსაფუძვლოდ აღშფოთებული, ტელეეკრანებიდან ნათელ მომავალზე და ნატოსთან თუ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე გვემრისხანება, მისი ბიძა თემურ ალასანია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელდასხმით სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინასებლად იარაღით, ნარკოტიკით და სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტებიით ვაჭრობით არის დაკავებული.
მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობას და მათ ზონდერ ჟურნალისტებს ბიძინა ივანისვილის წინააღმდეგ ერთადერთი „კომპრომატი“ რაც გააჩნიათ რუსეთში არსებული ბიზნეს-წილებია, საჯარო სამსახურში კრიმინალი თემურ ალასანია ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე იმნიშნება.
როგორც ჩანს, სააკაშვილს დემოკრატიული ძალების აშშ-ს და დასავლეთის იმედი აღარ აქვს, რადგან საქართველოში უკვე ოფიციალურად დაამყარა ავტოკრატიული რეჟიმი. მიშამ თავისუფალი მედია თითქმის მიწასთან გაასწორა, სახელმწიფოში არსებული ყველა უწყება საკუთარი ინტერესების სასიკეთოდ მოაწყო და ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია, ამიტომ უცხოეთის თვალში, სააკაშვილი დიდი ხანია შეურაცხადად განიხილება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიშას ერთადერთ იმედად რუსეთი რჩება.
სააკაშვილს იმ რუსეთის იმედიღა დარჩენია, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში ლომის წვლილი შეიტანა. მაშინ, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ კულმინაციას უახლოვდებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის თბილისში ჩამოსვლა და მის მიერ შევარდნაძის გადაყენება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ სწორედ პუტინი იყო და არის სააკაშვილის მთავრობის ძირითადი დასაყრდენი. დღეს, მიშა კვლავ მოსკოვის დახმარებით ლამობს ხელისუფლების შენარჩუნებას და ამისთვის რუსეთის „კაგებეს“ გენერალ ბიძას თემურ ალასანიას უხმო.
