წყარო დრონი.ge
03:17 6.01.2012
„დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრა სცადეს. სავარაუდოდ, მოქმედებდა მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც პანთეონში დაახლოებით ღამის 02.00 საათზე შეიპარა. ამის შესახებ „დრონი.ჯი“-ს თვითმხილველმა შეატყობინა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და დიდუბის პანთეონში მომხდარ ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო, როცა პანთეონის უკან მდებარე შენობის აივანზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. შენობის სხვადასხვა სართულებზე აფხაზეთიდან დევნილები კომპაქტურად სახლობენ. წყაროს ცნობით, ის დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ბოროტმოქმედთა საქმიანობას და თავდაპირველად არც იცოდა, თუ ისინი საფლავს თხრიდნენ და ის საფლავი ჯაბა იოსელიანისა იყო. მისი თქმით, პანთეონის შესასვლელიდან მამაკაცების მიმართულებით ორი მამაკაცი დაიძრა, რომლებიც ხმამაღლა, მაგრამ მისთვის გაურკვევლად იძახდნენ სიტყვებს, რის შემდეგაც სამმა მამაკაცმა გაქცევით უშველა თავს.
„ამის შემდეგ დავინტერესდი, ქვემოთ ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ მოქმედება ჯაბა იოსელიანის საფლავთან ხდებოდა. ბოროტმოქმედებს ადგილზე ნიჩაბი დარჩათ, საფლავი კი სანახევროდ გათხრილია“, - უთხრა „დრონი.ჯი“-ს აფხაზეთიდან დევნილმა მამაკაცმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაციას „დრონი.ჯი“ დამატებით მოგაწვდით.
