ავტორი b2p.ge
00:47 07.12.2011
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ არ გადააჭარბოთ და თუ არ გინდათ, რომ გაიგონოთ თქვენი მისამართით ნათქვამი: "თქვენ თავისუფალი ხართ სამსახურიდან!"
მაშ ასე რჩევები იმ შეცდომების ასაცილებლად, რომემთა გამოც შეიძლება სამსახური დაკარგოთ ანდა ერთი და იმავე კარიერულ საფეხურზე მოგიწიოთ მუდმივად დარჩენა:
რჩევა № 1
რეპლიკები და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ კოლექტივს ან ხელმძღვანელობას "რაღაც აკლია". მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრით, ზოგიერთი თანამშრომელი მოუვლელია, ზოგი კი -საპენსიო ასაკის, ჯობს, არ გაახმიანოთ ეს მოსაზრება, რადგან საეჭვოა, დირექტორთა საბჭოზე განიხილონ...
აი, საკითხს კი თქვენი სამსახურიდან გათავისუფლებაზე, სავარაუდოდ, დასვამენ.
რჩევა № 2
სამსახურში ძმაკაცების/დაქალების გაჩენა. დაიმახსოვრეთ ერთი წესი: მეგობრები მხოლოდ სამსახურს გარეთ არსებობენ! თუ თქვენ ისეთ წარმატებულ კომპანიაში მუშაობთ, სადაც ძლიერი კონკურენციაა, ამგვარ ურთიერთობებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
პრაქტიკაში არა ერთი შემთხვევა არსებობს იმისა, როცა პირადი საიდუმლო კონკურენტთან ჭიდილის დროს გამოუყენებიათ. თუ თქვენთვის აუცილებელია, ვინმესთვის პირადი ცხოვრების გაზიარება, უმჯობესია, ის ფსიქოლოგს ან ერთგულ შინაურ ცხოველს გაანდოთ.
რჩევა № 3
ინტერნეტის ბოროტად გამოყენება. სხვადასხვა სოციალური ქსელში ძრომიალის მოყვარულებს, ვურჩევ, ეს ჩვევა სახლისთვის შემოინახონ. სისტემის ადმინისტრატორს სულ ადვილად შეუძლია გამოგიჭიროთ, იმ დროს ან ბრაუზერის ისტორიის გადახედვისას, რომელ სოციალურ ქსელში ნებივრად მოგზაურობთ.
და კიდევ, ნუ დაიმახსოვრებთ პირადი ფოსტის პაროლს, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, თქვენი პირადი წერილები რომელიმე ჭორიკანა კოლეგამ წაიკითხოს. შეძლებისდაგვარად ყოველდღე გაასუფთავეთ ყველა ზედმეტი ინფორმაციისგან თქვენი კომპიუტერი.
რჩევა № 4
სამსახურის ძებნა იმ დროს, როცა უკვე გაქვთ მუდმივი სამსახური. სამუშაო კომპიუტერიდან CV-ის გაგზავნა სხვა ორგანიზაციაში არც ისე მომგებიანი იდეაა. ხელმძღვანელობა ამას ნამდვილად არ აღიქვამს კარგად.
რჩევა № 5
მხოლოდ უფროსთან შეუთანხმებლად ინიციატივის გამოჩენა. სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაელოდეთ უფროსის ხელმოწერას და თანხმობას ამ საკითხზე. სიურპრიზები კი საყვარელ ადამიანებთან მოაწყეთ და არა სამსახურში.
