00:37 18.11.2011
სოციალურ ქსელ Facebook-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია „სააკაშვილის 32 კლონის“ მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრობს.გვერდის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 15.00 საათიდან 17.00-საათამდე, ივანიშვილის მიერ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე - Bidzina Ivanishvili Official კიბერშეტევა განხორციელდა.
„შეტევაში მონაწილობდა „სააკაშვილის 32 კლონი“ და პროტოტიპის მსგავსად არგუმენტირებული რეაქციის ნაცვლად იყენებდა არანორმატიულ ლექსიკას. ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას სააკაშვილის კლონებმა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი ლექსიკით უპასუხეს. Bidzina Ivanishvili Official გვერდის კომენტარების განყოფილება გაივსო ლანძღვა-გინებით და უწმაწური გამონათქვამებით როგორც თავად ბიძინა ივანიშვილის, ისე მისი ოჯხის წევრების მისამართით“, - აღნიშნავენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
გვერდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის facebook-ის მომხმარებლებს მხარდაჭერისთვის და სთხოვს გაგებით მოეკიდონ ხელისუფლების მხრიდან „მორიგი კიბერშეტევების ალბათობას“.
„ხელისუფლების პროპაგანდისტული დევიზი - „დასაქმდი და დაასაქმე”! ამ შემთხვევაში განხორციელებულად შეიძლება ჩაითვალოს, რითიც დასაქმდა სააკაშვილი, იმითვე დაასაქმა თავისი კლონები. გვინდა იმედი გავუცრუოთ, როგორც სააკაშვილის კიბერკლონებს, ასევე თავად პრეზიდენტს. თქვენმა ერთობლივმა გინებანარევმა ლექსიკამ დაადასტურა თქვენი უსუსურობა. გინება, გარდა იმისა რომ ავლენს ადამიანის ამორალობას, ასევე მიანიშნებს მის სისუსტეზე როგორც არგუმენტებში. „სააკაშვილის კიბერკლონების“ აგრესიამ და უტიფრობამ კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი რწმენა რომ გინებით დასაქმებული და გინებით დამსაქმებელი ამორალური ხელისუფლება უნდა წავიდეს“, - აცხადებს გევრდის ადმინისტრაცია.
ტრიბუნა.ge
