ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:06 18.11.2011
“ობიექტივმა“ იმ შენობების ფოტოები მოიპოვა, რომელშიც ხელისუფლება აპირებს სვანეთში დაცული საქართველოს საგანძური გადაიტანოს. გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი და თავად გააკეთოთ დასკვნები, იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი საგანძურის ასეთ შენობებში განთავსება.
ესაა მესტიის საავადმყოფოს შენობა, რომლის ფოტოები 16 ნოემბერსაა გადაღებული და მუსიკალური სკოლის ყოფილი შენობა, რომელიც აეროპორტთან ახლოსაა.
საქართველოს ეკლესია სვანეთში დაცული საგანძურის შესანახად ხელისუფლებას სთავაზობს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, როგორც საცავს, სადაც წირვა-ლოცვა შეწყდება და რომელშიც ეროვნული საგანძური იქნება მანამ, სანამ მუზეუმის ახალი შენობა აშენდება. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ პატრიარქმა 13 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებაში ისაუბრა:
“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში.
ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება.
ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.
15 ნოემბერს, კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ კი რომიდან ასეთი განცხადება გააკეთა:
“ეს ნივთები, რომელიც დროებით კონტეინერებშია მოთავსებული, უცხოეთიდან, ხაზს ვუსვამ, უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილ კონტეინერებშია შენახული; ექსპონატები, დროებით განთავსდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა რადგან გაირკვა, რომ შენობა კეთდება ახალი, ეს დროებით განლაგებული კონტეინერები გადავა სხვა შენობაში, სანამ მუზეუმი დამთავრდება. ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ ვითომ შეიძლება სვანეთის საგანძური დაზიანდეს, არის უბრალოდ, ტყუილი“.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ მისამართზე ნახოთ ვიდეომასალა, რომელიც 2 ნოემბერს მესტიაში ყოფნისას გადავიღეთ და სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის სახელდახელო კლიპის ფორმა მივეცით. სწორედ ამ ვიდეომასალაში ჩანს რა ხდება იმ კონტეინერების შიგნით, რომელშიც ქაღალდებში გახვეული, “დასკოჩილი“ სიწმინდეებია მოთავსებული. იქვე ნახავთ ყუთებში უკაცრავად და ჩაყრილ ეთნოგრაფიულო მასალას. ამის შემდეგ თავად დარწმუნდებით რამდენად მართებულია საზოგადოების მღელვარება, სვანეთში დაცულ საქართველოს საგანძურთან მიმართებაში:
"ობიექტივი"