21:01 20.10.2011
მედია კავშირ "ობიექტივის" ორგანიზებით, სამეფო უბნის თეატრში სამი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.ოქროს მედლები გადაეცათ "კვირის რეპორტაჟის" წამყვანს, ჟურნალისტს ნანა ლეჟავას, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეს და ტელეკომპანია "მაესტროს ზუგდიდიდის ბიუროს კორესპონდენტ ნანა ფაჟავას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, ჟურნალისტების შესარჩევად სოციოლოგიური გამოკითხვა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ჩვენ საზოგადოებას მივანდეთ ამ ჟურნალისტების შერჩევა. საზოგადოება ასახელებდა ჟურნალისტებს რადიო 105-ის ეთერში, სოციალურ ქსელებში, ასევე, ჩატარდა ქუჩის და სატელეფონო გამოკითხვები. გამოიკითხა ყველა ცნობილი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი", - განაცხადა ინაშვილმა. მისივე თქმით, დაჯილდოება ყოველწლიური იქნება და ყოველ წელს ოქტომბერში გაიმართება.
ipn.ge
