00:01 20.10.2011
დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქართველ ჟურნალისტს სამი ოქროს მედალი გადაეცემა. ჯილდოს სიმბოლოა ჩიტი. გამარჯვებულების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.ირმა ინაშვილი, მედია–კავშირი ობიექტივი: "ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე გამოკითხვა, იმისათვის, რომ შედეგი ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური. პირველი გამოკითხვა ჩატარდა სოციალურ ქსელში, მეორე რადიო 105-ის ეთერში – რეკავდა მსმენელი, მესამე იყო სატელეფონო გამოკითხვა, სადაც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ თბილისის მასშტაბით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. აგრეთვე გამოიკითხნენ ცნობილი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მათ დაასახელეს ნომინაციაზე მათთვის სასურველი კანდიდატურა. სპეციალური ჟიური, სადაც შესული არიან საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები, რომელთა კომპეტენციაშიც და პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება, გამოკითხვის შედეგების გამოვლენას დაესწრებიან და ნახავენ, რომ ეს ყველაფერი არის საჯარო და ღია. გამოაცხადებენ სამ ჟურნალისტს, ნომინაციაზე სიმართლისთვის მებრძოლი".
მიუხედავად იმისა რომ რადიო და ინტერნეტ გამოკითხვებში ხმათა ყველაზე დიდი ნაწილი ირმა ინაშვილმა დააგროვა ის ამბობს, რომ მედალის აღებას არ აპირებს.
"გავიმარჯვებ თუ არა, მე ამ მედალს არ ავიღებ. ვარ პროექტის ავტორი, ჩემი მიზანია ნაზი შამანაურის სახელი დავუბრუნოთ საზოგადოებას, რადგან დღესაც კი მას გიჟად მოიხსენიებენ. მეც მეძახდნენ ( და ზოგჯერ ახლაც მეძახიან) გიჟს და ვიცი, რას ნიშნავს ეს. მაშინ, როდესაც ეს სიტუაცია იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არ დამტოვა, გახლდათ საქართველოს პატრიარქი, რომელმაც მაშინ, როდესაც "თავისუფლების ინსტიტუტი" გიჟს მეძახდა, დამიბარა, დამლოცა და მითხრა:" თუ ადამიანს გიჟს დაუძახებენ იმისათვის, რომ ის იცავს სარწმუნოებას, ეს დიდი ბედნიერებაა და ერთ-ერთი მთავარი ნეტარების აღსრულებაა". ამიტომ მე მაქვს ორი მიზანი. პირველი დავუბრუნო შამანაურის სახელი საზოგადოებას და მეორე სტიმული მივცე ჩვენ კოლეგებს" - ამბობს ინაშვილი.
ნაზი შამანაური 1940 წლის 5 ივლისს ქ. დუშეთში დაიბადა. ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა. 1944 წელს დედა - სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა, პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. 1966 წელს ისევ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჯერად თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, რომელიც 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს მუშაობას იწყებს ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაანთავისუფლეს. ამ დროისათვის მისი, როგორც ჟურნალისტის თვალი და გონება სწვდება უამრავ მანკიერ მოვლენას და სხვებისაგან განსხვავებით იწყებს მათ მხილებას.
