00:56 15.06.2011
პარლამენტი მალე "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე იმსჯელებს.კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკვე მოამზადეს და ის მანიფესტაციებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ისეთი ნივთებისა და საგნების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვინმეს.
აქციებზე ალკოჰოლური სასმელის აღმოჩენა მანიფესტაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი გახდება. თუ აქციის მონაწილეები აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავების მითითებას არ გაითვალისწინებენ, კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავებს საშუალება ეძლევათ მათ წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენონ. აქციის დაშლა სამართალდამცავებს, გაცემული მითითებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.
კანონპროექტის მომზადებას წინ უსწრებდა თბილისის მერის, გიგი უგულავას, მიერ 9 ივნისს, ონალიანკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ მომიტინგეებს კანონის დარღვევის უფლება ხშირად მისცა და ამით არასწორი პრაქტიკის დანერგვას შეუწყო ხელი.
„არასწორი პრაქტიკის გამო, დღეს ყველას ჰგონია, რომ მითითებული ვადის ამოწურვა არის კანონის დარღვევა და სამართალდამცავებს მოქმედება ამის შემდეგ შეუძლიათ. სინამდვილეში, ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან ლიბერალური, გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს მანიფესტაციის მონაწილეებს. კერძოდ, გზა იკეტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად მოითხოვს ამას.
ღამე, როცა 500 კაცია აქციაზე და გზა მაინც გადაკეტილია, ეს უკვე არის კანონის დარღვევა. კატეგორიულად აკრძალულია აქციაზე ალკოჰოლის მოხმარება. აქციის ორგანიზატორის ვალდებულებაცაა და სამართალდამცველისაც, რომ იქ ალკოჰოლიზმის თუნდაც ერთული შემთხვევა აღკვეთოს. ეს წერია კანონში. ასევე კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი ბლაგვი, მტვრევადი, თავში ჩარტყმადი თუ ცივ იარაღთან მიმსგავსებული ნივთების ქონა, დაუშვებელია აალებადი და ნებისმიერი სახის ნავთობპროდუქტის აქციაზე მიტანა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
tribuna.ge
