16:26 02.06.2011
„მასმოდა 2011“ საქართველოში მეექვსედ 4 ივნისის საღამოს გაიმართა. თუმცა მედიასაშუალებებში ეს თემა ჰოლივუდის კინოვარსკვალავის შერონ სტოუნისა და ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ ავტორების ჩამოსვლამ დაჩრდილა.„მასმოდა 2011“–ის დაჯილდოებაზე პრიზები ჟურნალისტების გარდა ორგანიზატორებმაც მიიღეს. ღონისძიების ერთ–ერთი სპონსორის „ტიფლის ტურიზმის“ წარმომადგენელმა ნიუ იორკის ორკვირიანი საგზურის სამი მოსაწვევი „მასმოდა–2011“–ის ორგანიზატორებს: თამარ ჯინჭარაძეს, ეკა თადუმაძესა და გურამ დონაძეს გადასცა.
თამარ ჯინჭარაძე თბილისის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია, ეკა თადუმაძე – დიზაინერი, გურამ დონაძე კი შსს–ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი და ტელეკომპანია „რეალ TV“–ის დამფუძნებელი.
„დავაჯილდოვეთ ორგანიზატორები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი გურამ დონაძეც დავაჯილდოვეთ, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია ჟურნალისტიკაში. ნიუ იორკში გავუშვით ეს სამი ადამიანი ორი კვირით,“– განაცხადა „ტიფლის ტურიზმის“ წარმომადგენელმა, „მასმოდა 2011“–ის დაჯილდოებაზე.
„მასმოდა 2011“ 4 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გაიმართა და მასში ქართული ტელეარხებიდან 58 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განმარტებით, „მასმოდა 2011“–ში მონაწილეობაზე „ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს.
