19:03 19.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, 27 მაისიდან „ქართული ოცნება“ ახალ პოლიტიკურ ეტაპს იწყებს.
როგორც „ობიქეტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში ბესელიამ აღნიშნა, აქციაზე ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად მთავარ გზავნილებს გამოაცხადებს.
„27 მაისს მსვლელობები პირველი საათიდან დაიწყება. შეკრება კი სამ საათზე თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოუწოდა ყველას, ვისაც სურს ქვეყნის გამთლიანების პროცესში მონაწილეობის მიღება, „ქართული ოცნების“ პირველ შეკრებას დაესწროს. ვთვლი, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია გააპროტესტოს არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანას არ გეგმავს, თუმცა, ბუნებრივია, აქციაზე დასწრება ყველას შეუძლია.
"ობიექტივი" გადაცემის ჩანაწერი>>>