04:56 21.12.2011
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს აღარ აღმოაჩნდათ სურვილი, რომ გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიის დაწყებისას განაცხადა და ახალი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.მისი თქმით, თვითმიზანი არასოდეს ყოფილა დეპუტატების რაოდენობის ზრდა, თუმცა იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პროპორციული მანდატები უნდა გაზრდილიყო 32-ით, რაც პატარა პარტიებსაც კი აძლევდა საშუალებას, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყოლოდათ პარლამენტში.
თუმცა როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებში აღარ აღმოაჩნდათ სურვილი, რომ გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ გადაიხედა დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდის ინიციატივა.
მისი თქმით, ინიციატივის გადახედვის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილება დაზუსტდა ახალი შეთანხმების პრინციპით და გადაწყდა, მომავალ პარლამენტში 73 მაჟორიტარი იქნება, 77 კი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი.
ასევე, კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა შეთანხმების ახალ დეტალსაც, რომლის მიხედვითაც, იმ პარტიებს, რომელთაც უფრო ნაკლები შედეგი ექნებათ საპარლამენტო არჩევნებზე, პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებს შორის გამართული კონსულტაციებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 190-მდე აღარ გაიზრდება.
