ავტორი ნანა ფაჟავა
21:48 20.06.2011
„ზოგი ამ ქალაქს ვაჟკაცობას უწუნებდა, ზოგი კიდევ ვაჟკაცობას ეფიცებოდა და თანადგომას სთხოვდა. ვერ გაუგიათ ამ ადამიანებს, რომ ეს ქალაქი არის მგრძნობიარე, ის სიყალბესაც გრძნობს და თუ მას არ დაარწმუნებ, არ იქნები იმ პოზიციაზე, როგორადაც ეს ქალაქი დეტალებში აფასებს, მას გვერდში ვერ დაიყენებ.“–ასე დაიწყო მშობლიურ ქალაქში „ეროვნულ–დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ თავის მხარდამჭერებთან გამოსვლა.
კინოთეატრ „ატრიუმის“ სცენიდან პარტიის აქტივისტებისთვის გაკეთებულ მიმართვაში ქარდავას კონკრეტული ადრესატი არ დაუსახელებია, თუმცა ლევან გაჩეჩილაძე ყველას გაახსენდა. მათ შორის ალბათ იმათაც, ვინც ედპ–ს კონფერენციას, განურჩევლად სქესისა, კოლექტიური ძილით თუ კიბის კუთხეში მხართეძოზე წამოწოლილი ისმენდა. განმარტებები, ქარდავამ მოგვიანებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ „დაწუნებული მეგრული ვაჟკაცობის“ შეასახებ გაჩეჩილაძის განცხადება თბილისში მოისმინა და „გული დაწყდა.“
„გულდაწყვეტილი“ ქარდავა ორი წლის შემდეგაც ისეთივე „გულდათუთქული“ იხსენებდა ამ ამბავს, რომ ედპ–ს პრიორიტეტულობაზე საუბრისას, პოზიციების შეუთანხმებლობის შემთხვევაშიც კი, ზუგდიდელებთან პირობა დადო, რომ ვაჟკაცობას არ დაუწუნებდა და არც სხვა ეპითეტებით შეამკობდა. მან იქვე გია ჭანტურიას სიტყვებიც გაიხსენა, სადაც ედპ–ს მაშინდელი ლიდერი სამეგრელოს ქვეყნის საყრდენად მოიხსენიებდა.
საქართველოს საყრდენად თუ ხერხემლად სამეგრელოს რეგიონს სხვადასხვა დროში, სხვადასხვა პოლიტიკოსები ერთნაირი წარმატებით რომ იხსენიებდნენ, საზოგადოების მეხსიერებას კარგად შემორჩა. მათმა მეხსიერებამ თუ არა ვიდეო–კამერებმა გაჩეჩილაძის „ვაჟკაცობის გაკვეთილებიც“ შემოინახა. (http://WWW.youtube.com/watch?v=O8ZBMEVVSNG) 2009 წლის 21 მაისს, იმავე „ატრიუმის“ წინ „გაერთიანებული ოპოზიციის“ მაშინდელი ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და ედპ–ს ლიდერის შეფასებებზე განმარტებები დღეს ლევან გაჩეჩილაძის თანამებრძოლს, კახა მიქაიას ვთხოვეთ.
„საერთოდ, ედპს არანაირი მორალური უფლება არ აქვს სამეგრელოზე ილაპარაკოს, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, 90–იან წლებში შევარდნაძესთან და მხედრიონთან ერთად ედპ–მ როგორ მიიღო მონაწილეობა ყველა იმ ეგზეკუციაში, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოუწყო სამეგრელოს. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მას იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს მეგრელების ვაჟკაცობაზე, რომ მან უბრალოდ გამოხატა გაკვირვება მეგრელების დუმილით, დღევანდელი სამეგრელოს მდგომარეობით, როცა ის ყველაზე მეტად დაშინებულია და სააკაშვილის რეჟიმს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს. 26 მაისის ღამეს, ძალიან ბევრი მეგრელი, კონკრეტულად ზუგდიდელი, როგორც რიგითი მოქალაქე, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე და იცავდა საკუთარი ქვეყნისა და კუთხის ღირსებას. ეს იყო მეგრელების მიერ გამოჩენილი ვაჟკაცობის კიდევ ერთი დიდი მაგალითი და იქ ედპ არავის უნახავს. ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძის ძაგება სააკაშვილის საამებლად და საზოგადოებისათვის მისი ნათქვამის არასწორად მიწოდება და ინტერპრეტირება არ არის ვაჟკაცობა, ამას ქალაჩუნობა ქვია“.–განაცხადა კახა მიქაიამ.
presage.tv