19:00 20.06.2011
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტური ამ წუთებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში დაიწყო. საგამოცდო კომისიას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. სპეციალური „სამიზნე ჯგუფების პროგრამით“ სამეგრელოდან უნივერსიტეტში წელს სულ 21 სტუდენტს მიიღებენ, მათ შორის ზუგდიდიდან 12 სტუდენტი უნდა შეირჩეს. შემოქმედებითი ტურის გავლის შემდეგ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს გაივლიან, თეატრალურ უნივერსიტეტში მოსახვედრად კი მათთვის მინიმალური ქულებიც საკმარისი იქნება. ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტებთან ადგილობრივი თეატრები ხელშეკრულებას დადებენ, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ისინი იმ თეატრებში დასაქმდებიან, რომელი თეატრის კვოტითაც გავიდნენ და 5 წლის განმავლობაში სხვაგან მუშაობა აეკრძალებათ. მათ სწავლას კი კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ერთობლივად დააფინანსებენ, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე დადებულია. გამოცდების შედეგებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რამოდენიმე დღეში გამოაკრავენ. ზუგდიდის თეატრი სამიზნე ჯგუფების შერჩევაში წელს პირველად ჩაერთო.
livepress.ge
