დღეს თბილისში, ფილარმონიის შენობაში „ქართული პარტია“ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს.
როგორც “ღია ბოქლომს” პარტიის პრესცენტრის სამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ აცნობა, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას.
გაზიარება
[00:18 24-11-2010]
„ქართული პარტია“ ასევე გეგმავს, მიიღოს ხალხისადმი მიმართვა.
ყრილობის მუშობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა კუთხიდან, სავარაუდოდ, 3 ათასამდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები.
„ქართული პარტიის“ შექმნა ქართველი ხალხის პასუხია სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე, ეს ასევე ბუნებრივი რეაქციაა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაზე, უსამართლობის ესკალაციაზე. დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ საქართველო ღარიბი და არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანია გამოვიყვანოთ ხალხი უკიდურესი სიდუხჭირიდან, აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობები, განვავითაროთ ქართული მეწარმეობა, შევქმნათ პირობები, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სამუშაო. ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოში“, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე.
„ქართული პარტია“ შეიქმნა ხუთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის, - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძის და ეროსი კიწმარიშვილის, - გაერთიანებით.
კოკა გუნცაძემ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერს ყრილობა გადაწყვეტს.
კულუარული ინფორმაციით "ქართული პარტიის" თავმჯდომარედ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იქნება არჩეული.