„პრაიმტაიმმა“ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხობში შეძენილი ჰამბურგერი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გააგზავნა. ლაბორატორიამ სკანდალური დასკვნა დადო. პროდუქტი, რომელიც ამ საცხობში იყიდება, საკვებად უვარგისია, მასში ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა.
გაზიარება
[16:39 23-11-2010]
„პრაიმტაიმმა“ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რედაქციაში უცნობმა ქალბატონმა დარეკა და გვითხრა, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ნაყიდი ჰამბურგერით შვილი მოეწამლა.
27 ოქტომბერს, ცაბაძის #15 მდებარე საცხობში, მიკრობიოლოგიური კვლევისთვის ერთი სახეობის სამი ჰამბურგერი შევიძინეთ. პოლიეთილენის პარკში შეფუთულ ჰამბურგერებში, რომელშიც ხორცის კოტლეტი, სალათის ფურცლები, კიტრი და პომიდვრის თითო ნაჭერი იყო მოთავსებული, ჩვენივე თხოვნით, გამყიდველს მაიონეზი და პომიდვრის საწებელი დავამატებინეთ. სამივე ჰამბურგერში 3.60 ლარი გადავიხადეთ. კვლევის ობიექტურობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, პროდუქტის შეძენის პროცესს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიც ესწრებოდა. პოლიეთილენის პარკში შეფუთული ჰამბურგერის ორი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში მივიტანეთ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პროდუქტში ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა.
გულიკო დვალი, სამეცნირო კვლევის ინსტიტუტის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ს. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თქვენ მიერ ლაბორატორიული კვლევისთვის მოტანილ ჰამბურგერზე კვლევა მის უვნებლობაზე და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ჩავატარეთ. როგორც გამოცდის ოქმიდან ჩანს, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ჰამბურგერში, მიკრობთა საერთო რიცხვი, ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ერთ გრამ პროდუქტში დასაშვებია 1 000 მიკრობი, მაგრამ ამ პროდუქტში, მიკრობთა საერთო რიცხვმა 50 000 შეადგინა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროდუქტი არ არის საიმედო. აღმოჩნდა ასევე, ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, რისი არსებობაც საკვებ პროდუქტში დაუშვებელია. ნაწლავის ჩხირი ფაქტობრივად ფეკალური მასებისგან დაბინძურებას ნიშნავს. ალბათ, დამზადების პროცესში დაბინძურდა, ან თვითონ პროდუქტია დაბინძურებული... ასეთი პროდუქტი არ იჭმევა და სასურველია, ადამიანმა არ მიიღოს.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთი პროდუქტის მიღებას?
– აუცილებლად დიარეას გამოიწვევს. წესით, ასეთი პროდუქტები არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ იყიდება...
ლაბორატორიული კვლევის პასუხი, საცხობის მეპატრონისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. გაგა გოგელიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ნაწარმში ნაწლავის ჩხირის აღმოჩენა შესაძლოა იმ პროდუქტებს გამოეწვია, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება.
გაგა გოგელიძე, საცხობის მეპატრონე: - ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ფაქტი... გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ. ყველაფერს გავითვალისწინებთ. ეს პრობლემა აღმოიფხვრება.
საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო, ნაწლავის ჩხირი ჰამბურგერში?
– ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს ფაქტი წარმოიქმნას, თუნდაც მცხობელისგან, თუნდაც იმ პროდუქტებისგან, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება. ჩვენ თვითონ დაინტერესებულები ვართ, რომ მომხმარებელს ცუდი პროდუქცია არ მივაწოდოთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავითვალისწინებთ.
ხორცს და საჭირო ინგრედიენტებს სად ყიდულობთ?
– ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ პროდუქტი ყოფილიყო დაბინძურებული.
მოხდება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება და რა ღონისძიებებს გაატარებს სურსათის უვნებლობის სამსახური?! კითხვით სწორედ ამ უწყებას მივმართეთ. როგორც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, ისინი ჯერ ლაბორატორიას მიმართავენ კითხვით, იყო თუ არა ნიმუშის აღების წესი დაცული. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი სასამართლოში წარადგენენ შუამდგომლობას, რათა იგივე ობიექტიდან აიღონ ნიმუში და ხელახლა ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევა შემდგომი რეაგირებისთვის.
http://ptpress.ge