საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე. ამის შესახებ სიჭინავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ზაზა გოროზიას თანამდებობიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ჯერ არ საუბრობენ.
ინტერფაქციული ჯგუფის წევრმა, აკაკი მინაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, რომ გოროზიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მას არაფერი სმენია.
რაც შეეხება კითხვას, უნდა გახდეს თუ არა მესტიის ინციდენტი გოროზიას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, მინაშვილი პასუხობს, რომ ამაზე მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული “საარჩევნო სპეცოპერაციის” პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა.
მაშინ ჩახვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე და მასში ზაზა გოროზიას მონაწილეობაზე “უხერხულობას” ხელისუფლებაც გრძნობს, თუმცა გაათავისუფლებენ თუ არა გოროზიას თანამდებობიდან, ჩახვაძის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
არსებული ინფორმაციით, 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ და სამართალდამცველებმა ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთოხვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
მომხდარზე მკაცრ რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]