ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 21.03.2012
დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებით გამოწვეული ვნებათაღელვა დღეს ახალ ფაზაში შევიდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მიერ დღეს იმ ადამიანთა კონკრეტული გვარებიც დასახელდა, რომლებიც შეარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.
„არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია არის რეგიონის პროკურორი, მისი ერთ-ერთი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინიტროს შეიარაღებულ ძალებს, მეორე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს. სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას და დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას შეფასებებს დღეს ხელისუფლებისა და დიპლომატიური საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა.
„ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას. ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომელებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული“ - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კი ირაკლი ალასანიას რჩევები მისცა, „ბოდვას შეეშვიო.“
საკუთარი არგუმენტების გამყარებას კი ახალაია ამ ფორმით შეუდგა: „რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს.
სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია.
ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება კი იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან, „სისულელეები“ დაინახონ.“
Presage.tv შეეცადა საზოგადოებისათვის საკუთარ არგუმენტებთან ერთად უტყუარი ფაქტები წარმოედგინა და შეარაღებული ფორმირებების დისლოკაციის ადგილებს თავად სწვეოდა. ექსპერიმენტმა თუ თამამმა ნაბიჯმა, ვფიქრობთ, გაამართლა და „სამიზნედ“, რამდენიმე ათეული პუნქტიდან, მხოლოდ სამი შეირჩა. ყველა მათგანი ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მდებარეობს და ჩვეულებრივი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან არაფრით გამოირჩევა. უბრალოდ, ზუგდიდელებმა იციან, რომ მათ მეზობლად გაურკვეველი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ცხოვრობენ, ხშირად მოძრაობენ სამხედრო ფორმით, იარაღით ან უიარაღოდ. ვიდეო კადრებში თქვენ ნახავთ შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილისა და გელა ღურწკაიას ქუჩებზე მდებარე სამხედრო შტაბებს, იქ ბინადარ „მოქალაქეებს“ და „ცრუპენტელა“ ჯარისკაცებს, რომლებიც ვინაობის დამალვას შეცვლილი გვარ-სახელებით ცდილობენ. ასევე იმ სამხედრო პირსაც, რომელიც Presage.tv -ს ჟურნალისტთან ოჯახური „იდილიის“ წარმოჩენას ცდილობს და ამის დასტურად კამერასთან „კუდრაჭა“ გოგონა გამოჰყავს...
კომენტირების გარეშე ვიდეოკადრები მაყურებელს საშუალებას მისცემს, თავად გაარკვიოს, თუ რა ტიპის სამხედრო დაჯგუფებები ყალიბდება ზუგდიდში, რატომ არ არის „ნებაყოფლობითი რეზერვის“ დროებითი დისლოკაციის ადგილად მიჩნეული სამხედრო ბაზები და რისთვის, ვის მიერ, ან რა თანხის საფასურად არის დაქირავებული საცხოვრებელი ფართები სამეგრელოს შუაგულში...