ამერიკულმა კომპანიამ „Knome“ გადაწყვიტა ჯგუფის „Black Sabbath“ ყოფილი ლიდერის, ოზი ოსბორნის გენეტიკური რუქა შეადგინოს და ამ გზით გამოარკვიოს, თუ რატომაა მუსიკოსი ამ დრომდე ცოცხალი.
გაზიარება
[17:34 17-06-2010]
კომპანიის კვლევების განყოფილების დირექტორი, ნათან პირსონი ფიქრობს, რომ უცნაური სამედიცინო ისტორიის მქონე პირების გამოკვლევას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ოსბორნის შემთხვევაში, მეცნიერებს აინტერესებთ ორგანიზმის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების ათვისების მექანიზმის შესწავლა.
61 წლის მუსიკოსს არაერთხელ გამოუთქვამს გაკვირვება, რომ მიუხედავად მისი არც თუ მოწესრიგებული ცხოვრების წესისა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ოსბორნი თავის თავს „სამედიცინო სასწაულს“ უწოდებს.
ლეგენდარული „Black Sabbath“–ის ლიდერი მრავალი წლის მანძილზე იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, ის მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, მიღებული აქვს მრავლობითი ტრავმები კვადროციკლიდან გადმოვარდნისას. ერთერთი ავარიის შემდეგ, ოზი ოსბორნი ხანგრძლივ კომაშიც იმყოფებოდა.