ავტორი obieqtivi.net
17:06 03.12.2011
მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადებით, „ობიექტივი“ დღემდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ინფორმაცია მისი გაყიდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ განცხადებით გამოეხმაურა ინაშვილი „ობიექტივის“ საგანგებო ბრიფინგზე „ობიექტივის“ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს.
მისი თქმით, აღნიშნული ხმების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის მიერ 7 ოქტომბერს მედია–საშუალებების შესყიდვის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
„ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახელით მართლაც დაგვიკავშირდნენ და „ობიექტივის“ გაყიდვა შემოგვთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. შესაძლოა, ის ადამიანები ივანიშვილის სახელით სარგებლოდნენ. ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია.
„ობიექტივი“ არ იყიდებოდა აქამდე და არც მომავალში გაიყიდება. ეს არის წმინდა ჟურნალისტური ორგანიზაცია და არასდროს მოექცევა ბიზნეს, ან პოლიტიკური ჯგუფების დაქვემდებარებაში. თუმცა, თუ საჯაროდ, რომელიმე ბიზნესმენი გადაწყვეტს „ობიექტივის“ დაფინანსესებას, ამ შეთავაზებაზე უარს არ ვიტყვით. ოღონდ ეს უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ უანგაროდ დაეხმაროს დამოუკიდებელ მედია საშულებას, ამ დახმარებას შემოწირულობების სახით მივიღებთ “, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ირმა ინაშვილმა.