15:06 02.12.2011
ბიძინა ივანიშვილს პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით ორიგინალური იდეა აქვს, - ამის შესახებ ბიზნესმენთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ განუცხადა. მისი თქმით, განხორციელების შემთხვევაში ეს იდეა საკმაოდ ეფექტური და საინტერესო იქნება, თუმცა ბიზნესმენის იდეის არსს ხუბუა არ აკონკრეტებს.
"ბიძინა ივანიშვილი აღშფოთებულია იმით, რაც ხდება პრესის გავრცელების კუთხით და აქვს საკმაოდ ორიგინალური იდეა, თუ როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ ამას. პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ ხედვებზე პრესის ასოციაციაში შევჯერდებით და სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ჩვენს იდეებს წარვუდგენთ, თუმცა მისი იდეა ჩვენც ძალიან მოგვეწონა და მხარს ვუჭერთ",- აღნიშნა ხუბუამ.
საქართველოს პრესის ასოციაციის წევრი ბეჭდური მედიის გამომცემელთა და პრესის გამავრცელებელთა შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრესის სადისტრიბუციო კომპანიების "პლანეტა ფორტეს", "ელვა სერვისის", ექსპრესის”, ”პრესინფოს” და "მაცნეს" ხელმძღვანელები, ასევე ბეჭდური მედიიდან - "რეზონანსი”, "კვირის პალიტრა” "ახალი ვერსია", "ასავალ-დასავალი”, ჟურნალი ”თბილისელები” და სხვები.
როგორც ცნობილია, მერიამ პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევებში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესიის ჯიხურები, მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია. მერიის გადაწვეტილებას "საქართველოს პრესის ასოციაცია", სხვადასხვა მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ.
