20:53 - 05.07.2011
მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ "ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა და ეს პროცესი ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას ეს არ ითვალისწინებს".ასე უპასუხა კუბლაშვილმა "პირWელის" თხოვნას, განემარტა, "რატომ არ მომზადდა რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებული კანონპროექტი ეკლესიის მონაწილებით მაშინ, როცა საპატრიარქოსთან გაფორმებული კონკორდატის თანახმად, რელიგიებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადაწყვეტილება ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს?".
"სამწუხაროდ, კონკორდატს არასწორად კითხულობთ. საპატრიარქოს პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კონსულტაციებიც ამიტომ გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა, რაც ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას არ ითვალისწინებს" - განუცხადა "პირWელს" კუბლაშვილმა.
სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 70 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მმართველმა უმრავლესობამ ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება იმდენად სწრაფად მიიღო, რომ მიღებული ცვლილბების საბოლოო ვარიანტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაახმოვა, სასესიო დარბაზში კი ბოლო მომენტამდე II მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი იყო წარმოდგენილი.
უშედეგო აღმოჩნდა საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციებიც: კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში (ზეპირგახმოვანებით მიღებულში) ხელისუფლების რიგი ვალდებულებები არ აისახა.
"საპატრიარქო ითხოვდა, რომ იმ რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო. ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით" - აცხადებს კუბლაშვილი.
"სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ვარიანტი, რომელიც III მოსმენის წინ ლაშა თორდიამ კოლეგებს გააცნო და რომლის თანახმად, კანონში უნდა ჩაწერილიყო, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიებზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე, აგრეთვე შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოო ვარიანტში არ ჩაიდო.
პროექტში ასევე არ იარსებებს გაჟღებული დაპირება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ცვლილებების მომზადება შესაბამის კანონში, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართმადიდებლური ტაძრების დაცვის დამატებითი ღონისძიებები.
"ჩვენი შეთავაზება სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა" - აცხადებს კუბლაშვილი.
"პირWელი"
