17:06 17.05.2012
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებს ლოზუნგები დაუხიეს. სიტუაციის გამწვავების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის ათობით თანამშრომელი მივიდა, რომლებიც დაპირისპირებულებს შორის ჩადგნენ.
თუმცა გზის სავალ ნაწილზე ერთ-ერთ გამვლელსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლევან ბერიანიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ბერიანიძე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გვანცა ბერყულაშვილმა, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. ის აცხადებდა, რომ სანამ ლევან ბერიანიძეს არ დააბრუნებდნენ, ტერიტორიას არ დატოვებდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სცადეს მისი გზიდან გადმოყვანა. თუმცა გვანცა ბერყულაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და ისიც, აქციის კიდევ ერთ მონაწილე მაგდა კალანდაძესთან ერთად, პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს.
თუმცა მოგვიანებით ბერიანიძეც, ბერყულაშვილიც და კალანდაძეც გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
