ბოლო დროს ძალზე მომრავლდა სატელეფონო აფერის შემთხვევები, ანუ გამოჩნდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთა პროფესიადაც სატელეფონო ეშმაკობით ადამიანთა მოტყუება იქცა. ალბათ ბევრისთვის უკვე კარგადაა ცნობილი რამდენიმე ხერხი და ვარიანტი იმისა, თუ როგორ აღმოვჩენილვართ ცალკეულ შემთხვევებში მოტყუებულნი აბონენტის როლში და რაც ყველაზე ცუდია, ხშირად ძალიან უძლურებიც ვართ, რამენაირად შევძლოთ მათი გამოვლენა.
შემთხვევა N1
სატელეფონო აფერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, როდესაც მავანი აფერისტი ვითომ და რომელიღაც სატელეფონო ლატარეის ორგანიზატორის როლში გვევლინება. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ეს მეთოდი იმდენად საყოველთაო გახდა, რომ ბევრი მკითხველი ალბათ საკუთარ თავსაც აღმოაჩენს მოტყუებულის ამპლუაში. აფერის სტილი და სტრუქტურა კი ასეთია: მობილურ ტელეფონებზე რეკავს უცნობი ადამიანი, რომელიც გეცნობათ, როგორც იმ სატელეფონი ფირმის თანამშრომელი, რომლის აბონენტიც თავად ხართ და გამცნობთ თქვენთვის, ერთი შეხედვით ძალზე გასახარ ამბავს - თითქოსდა რომელიღაც სატელეფონო გათამაშებაში გაიმარჯვა თქვენმა ნომერმა და „მოგებულ” საკმაოდ დიდ თანხას, ანდა რაიმე ძვირად ღირებულ ნივთს გისახელებთ. თუკი დაეჭვდით, ანდა სათანადოდ ვერ გაერკვიეთ უცნობის „კეთილ ზრახვებში” და უთხარით, რომ თქვენ არავითარ გათამაშებაში არ მონაწილეობთ და არც მოგებული თანხის რეალურობისა გჯერათ, იგი ძალზე მშვიდი ხმით გეუბნებათ, რომ „ეს თქვენი გადასაწყვეტია”, მაგრამ თვითონ ძალიან უკვირს, რატომ აცხადებთ უარს ამ „ციდან ჩამოვარდნილ” არცთუ მცირე თანხაზე. ცნობის ასეთი, ვითომდა `უემოციო ახსნის შემდეგ, ძალიან დიდი შანსია, რომ დაინტრიგდეთ და თუნდაც იმ ელემენტარული წესებით, რომ „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება” - დაინტერესდეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი თქვენს მიერ „მოგებული” თანხის განაღდება.
ლაშა ხაბურძანია, სამართალმცოდნე: „რაკიღა უცნობი ხვდება, რომ უკვე მისი მორიგი „მხვერპლი” ხართ, გთავაზობთ თანხის განაღდების რამდენიმე ვარიანტს. ერთი გეუბნებათ, რომ `თუ გნებავთ მითხარით თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და კოდი, ჩვენ ნახევარ საათში უკვე ანგარიშზე დავსვამთ თქვენს თანხას”. თუ აღმოჩნდა, რომ საკუთარი საბანკო ანგარიში არ გაქვთ გახსნილი, ანდა, გაქვთ, მაგრამ იქ შეტანილი თანხის სიდიდის გამო ანგარიშის კოდის გაცემის გეშინიათ, უცნობი ამ შემთხვევაში „მოგებული” თანხის აღების მეორე ვარიანტს გთავაზობთ და გეუბნებათ, ჩვენთან ხელზე ფულის აღება აკრძალულია და ვალდებული ვართ, რომ გამარჯვებულებს რაიმე ანგარიშზე დავუსვათ კუთვნილი თანხა. ამიტომ თუ გნებავთ თქვენი ტელეფონის ანგარიშზე გადმოვრიცხოთო. ამ ყველაფერს გაუგებარი საფინანსო ტერმინოლოგიით გიხსნით, თქვენ კი მხოლოდ იმას ხვდებით, რომ აუცილებელია იყიდოთ „მონო” ან „ლაი-ლაი” ბარათი და უთხრათ მისი კოდი უცნობს და ვითომდა ამავე კოდზე გადმოირიცხება თქვენი „მოგება”. ანუ, 5-30 ლარიანი საფასურის ნაცვლად თქვენს ანგარიშზე 200-300 ან უფრო მეტი თანხა დაგერიცხებათ. ამ შემთხვევაში ცდუნება რა თქმა უნდა ძალიან დიდია. მით უმეტეს, როდესაც უცნობი გარწმუნებთ, რომ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერ სატელეფონო ოფისიდან გამოიტანოთ იგი ნაღდ ფულად“.
თუ დაჰყვებით ცდუნებას, თუნდაც იმ აზრით, რომ „ვნახოთ რა მოხდება” და ყველაფერი უცნობის მითითებით შეასრულეთ, იგი დამშვიდობების წინ დაგაიმედებთ, რომ ხუთ წუთში თანხა თქვენს ანგარიშზე გადმოვა. არათუ ხუთი წუთი, შეიძლება რამდენიმე საათიანი მოცდაც კი, მოგიწიოთ საკუთარ მოტყუებულობაში დასარწმუნებლად. მერე კი, როდესაც ალბათ ძალიან გაბრაზებული, ან ძალიან გაკვირვებული თქვენს ტელეფონზე დაფიქსირებულ უცნობის ტელეფონზე გადარეკავთ, რათა გაიგოთ თუ რაშია საქმე და რატომ არ გირიცხავენ კუთვნილ თანხას, ტელეფონი ან გამორთული იქნება, ანდა იგივე უცნობი ხმა გიპასუხებთ, რომ გაგაცურათ და თქვენს მიერ ნაყიდი ბარათის თანხა უკვე მის ანგარიშზეა დარიცხული. მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ თქვენი ამგვარი „გადაგდების” შემდეგ, აფერისტის ვინაობის გასარკვევად ამაოდ მიმართავთ სატელეფონო ფირმას, რადგანაც სასტიკად აკრძალულია აბონენტების ვინაობის გამხელა, თუკი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. ერთი „მონო“ ბარათის გამო პოლიცია-სასამართლოებში სირბილი კი, გვგონია რომ არ უნდა გიღირდეთ.
შემთხვევა N2
დაახლოებით წინა სატელეფონო შემთხვევის მსგავსია მეორე გავრცელებული აფერაც, თუმცა ეს გამოძალვას უფრო ჰგავს. ანუ ამ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოდის არა ვინმე ჩუმი, ეშმაკი და გაქნილი მატყუარა, არამედ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენელი, რომლის მთავარი ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი დაშინების ანდა, ასევე შიშის გამო დაყოლიების შედეგად გამოგძალოთ გარკვეული თანხა.
ლაშა ხაბურძანია: „მობილურ ტელეფონზე გირეკავთ მამაკაცი, რომელსაც ძალიან „ძველბიჭური” საუბრის მანერა აქვს და გამცნობთ, რომ იგი ციხიდან რეკავს და რადგანაც მას და იქ მყოფ სხვა „კაი ბიჭებს” ტელეფონის ფასიანი ბარათის ყიდვის ფული ამჟამად არ აქვთ, თქვენთან დარეკვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ თქვენ მათ პატივს სცემთ და როგორც „ვაჟკაცი კაცი”, ერთი ბარათის ყიდვას და მისი კოდის თქმას არ დაზარდებით. თან იმასაც გეუბნებათ, რომ მათ, ყველამ იციან თქვენი ვინაობა და რომ ისინი სულ ციხეში არ იჯდებიან. ადრე თუ გვიან გამოვლენ, პატივი ეცით და ბარათის ფულით ახლა დაეხმარეთ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, ისინიც არ დაგივიწყებენ, ხოლო, თუ უარს ეტყვით ამასაც დაიმახსოვრებენ.
რა თქმა უნდა, თავიდანვე დაეჭვდებით, ნეტავი საიდან მიცნობენო, მაგრამ უმალ იმასაც იფიქრებთ, რომ ღმერთმა უწყის, შეიძლება მართლაც მიცნობენ და რამდენიმე ლარის გულისთვის ეს ხალხი როგორ გადავიმტეროო. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადასტურა, ძალიან ბევრი ადამიანი შიშის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო თანხმდება ციხიდან მის ტელეფონზე მოსულ შემოთავაზებებს და ბევრი მართლაც უგზავნის ახალნაყიდი ბარათის კოდს. როგორც ამ ადამიანების საუბრებიდან ირკვევა ერთხელ „დახმარების” შემდეგ, როგორც წესი, მათ თითქმის ყოველ თვე აწუხებენ და უკვე აშკარა მუქარებით არა მარტო სატელეფონო ბარათს, არამედ თანხის ციხეში შეგზავნასაც სთხოვენ მავანი პატიმრების სახელზე. ჩვენ ასევე გამოვარკვიეთ ისიც, რომ ამ მეთოდით ციხეში არმყოფი ადამიანებიც „ჩალიჩობენ”, რომლებიც თავს პატიმრებად ასაღებენ. ბევრი მართლაც ფიქრობს, რომ თუ კი, ხსენებულ თანხას პატიმრების სატელეფონო ანგარიშზე არ გადარიცხავს, მას ან მის ოჯახს პრობლემები შეექმნება. მაგრამ სულ ტყუილად - გამორიცხულია უცნობმა თქვენი ვინაობა ტელეფონით ზუსტად დაადგინოს, თუ კი, რა თქმა უნდა თქვენვე არ უთხარით იგი. თანაც ძალზე საეჭვოდ მიგვაჩნია, ვინმემ რაიმე დაგიშავოთ ერთი მონო ბარათით არდახმარების გამო ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ თქვენს ტელეფონზე დამრეკავი ასეთი მთხოვნელები, თავაზიანი, მაგრამ მკაცრი უარით გაისტუმროთ.
შემთხვევა N3
სატელეფონო აფერის ხერხი, რომელზეც ახლა გიამბობთ, აშშ-ში საკმაოდ გავრცელებული იყო და ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოშიც შემოვიდა, ამ ხერხს ჩვენ შეგვიძლია ოფიციალური აფერაც კი ვუწოდოთ. ის იდენად ჭკვიანურად და კარგადაა მოფიქრებული, რომ საკმაო ხანს მისი დადგენა და გამოვლენა უმაღლესი დონის სამართალდამცავებსაც კი უჭირდათ.
მოგეხსენებათ, რომ არსებობს გარკვეული ფირმები, ორგანიზაციები, სადაც დარეკვა და სატელეფონო კონსულტაციები ფასიანია. თუმცა ტელეფონის ნომრების რეკლამირებისას ყოველთვის არის ხაზგასმული რომ დარეკვა ფასიანია და დარეკვიდან გასულ ყოველ წუთზე გარკვეული თანხაა გადასახდელი. სწორედ მომსახურების ეს ფორმა გახდა ბოლო დროს საქართველოში მავანი აფერისტების ხელის მოთბობის საკმაოდ შემოსავლიანი დ იოლი წყარო.
ასე მაგალითად, დღეს თბილისში არსებობს რამდენიმე, სპეციალურად აფერული ბიზნესისთვის შექმნილი ე.წ. საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელთა ტელეფონზე კონსულტაციის მიღებისთვის, საუბრის დროს ერთ წუთში დაწესებულია 2, 5, 10 და ზოგჯერ მეტი ლარიც კი. ძალიან საეჭვოა, რომ დღევანდელი, არცთუ სახარბიელო ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მოისურვოს ადამიანმა და ასეთი დიდი გადასახადის მიუხედავად საკუთარი სურვილით დარეკოს, რაც არ უნდა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოელოდეს მათგან. ამიტომ მსგავსმა ფირმა -ორგანიზაციებმა მოიგონეს შემდეგი ძალზე ეშმაკური და უამრავი ადამიანის მოსატყუებელი რამ.
ერეკლე ხვიჩია, პროგრამისტი: „სახლის, ან მობილურ ტელეფონზე რეკავს საკმაოდ სანდომიანი ხმის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე, წინასწარ მოფიქრებული მიზეზით (მაგალითად ვითომ ნაცნობის, ვინმეს დავალებით რეკავს ან თქვენს პრობლემაზე სურს საუბარი) გთხოვთ რომ აუცილებლად გადაურეკოთ მას. წმინდა ადამიანური ფაქტორია, რომ როდესაც ვინმე უცხო ადამიანი შენს მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს და რაიმე აუცილებელი საქმე მოჰყავს მიზეზად, სხვა თუ არაფერი, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო მაინც დარეკავ უცნობის მოცემულ ტელეფონის ნომერზე. დარეკვის შემდეგ იგივე ხმა გპასუხობთ, რომელიც დინჯად, სიტყვის ტკეპნის და ვითომდა საქმიანი კილოთი გესაუბრებათ არაფრისმთქმელ საკითხზე. ამასობაში გადის რამდენიმე, როგორც შემდეგში აღმოაჩენთ, მართლაც ძვირფასი წუთები, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი სახლის ტელეფონზე დიდ დავალიანებას აღმოაჩენთ. სიტუაციის გარკვევას შეეცდებით. შეიძლება სატელეფონო ბიუროში საკმაოდ დიდი შელაპარაკებაც მოგიხდეთ, ამა და ამ ორგანიზაციაში მე არ დამირეკავსო, მაგრამ სატელეფონო ბიუროს თანამშრომლები იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელშიც თქვენ დარეკეთ, მართალნი აღმოჩნდებიან, ხოლო თქვენ კი - მტყუანი, რადგან შეიძლება თქვენი სურვილის მიუხედავად, მაგრამ ხომ ნამდვილად გაქვთ ნასაუბრები?“
ამ სტატისს მომზადებასთან დაკავშირებით აუცილებლად მივიჩნიეთ მიგვემართა რამდენიმე სატელეფონო კომპანიისთვის და გაგვეგო ის, თუ რამდენად იყვნენ ისინი ინფორმირებული მსგავს სატელეფონო აფერებზე. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა სატელეფონო კომპანიაში იციან აფერის მეთოდების არსებობის შესახებ, მაგრამ თავადაც არ გააჩნიათ მათთან ბრძოლის რაიმე განსაკუთრებული სტრატეგია. ასე, რომ ყველაფერი თქვენს სიფრთხილეზეა დამოკიდებული.
[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]