14:42 16.07.2012
ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელია. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა.
"როგორც მე მითხრეს, ბექა ცობეხიას ანაკლიაში ფული არ ჰქონდა. მან ჩემი ძმა დაინახა, რომ სასტუმრო "ოქროს საწმისის" კაფეში ერთობოდა და თან ჰქონდა ძვირადღირებული ფოტოკამერა და ჯვრისწერის ბეჭედი. კაფედან გამოსულებს ცობეხია ჩემს ძმას გამოეცნაურა და გვერდზე გაიხმო. როგორც ვხვდები, ფული მოსთხოვა, გიორგი მას გაუძალიანდა. შემდეგ კი მოხდა ის ტრაგედია, რამაც გიორგის სიცოცხლე შეიწირა. ის ზღვაში გაძარცული და მოკლული გადააგდეს",-განაცხადა ელენე ფოჩხუამ.
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელენე ფოჩხუამ განუცხადა, ბექა ცობეხია სამართალდამცავებმა აფხაზეთში დააკავეს.
მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ბექა ცობეხია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ, რიმა ცხაკაიამ გადმოიყვანა და სამართალდამცავებს ჩააბარა.
გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, 1992 წელს დაბადებულ ბექა ცობეხიას, ბრალი წაეყენა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა.