ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 28.09.2011
რუსთავის N17 დაწესებულებაში, 21 სექტემბერს მომხდარი ინცინდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე სახალხო დამცველის ოფისი უარს ამბობს. ამასთან, ისინი კომენტარს არ აკეთებენ “ობიექტივის“ ვებგვერდზე, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში (სათაურით – რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს) გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველს და მისი ოფისის წარმომადგენლებს ეხებათ.
“ობიექტივს“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ერემაშვილი გუშინ საღამოს კომენტარისთის დაუკავშირდა. მან განგვიცხადა, რომ მეორე დღეს, ანუ 23 სექტემბერს დავკავშირებოდით. ასეც მოხდა. თავიდან ერემაშვილმა გვითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან დაბრუნებას ელოდებოდა. მას ხელმეორედ ტელეფონით დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, როგორც რუსთავის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე, ისე ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ნინო ერემაშვილისგან ასეთი პასუხი მივიღეთ – “მასალაში აბსურდული ფაქტები იყო მოყვანილი, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებთ“.
სახალხო დამცველის ოფისი კომენტარს, არც რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე აკეთებს, რისი მიზეზიც ერემაშვილმა არ დააკონკრეტა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, “ობიექტივმა“, ადვოკატებზე: გელა ნიკოლაიშვილზე, თედო კობახიძე და გარკვეულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადა მასალა სათაურით, N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს, გელა ნიკოლაიშვილი 21 სექტემბერს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე ჰყვება და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული მაყურებლები პატიმრებმა მას შემდეგ სცემეს, რაც მათ ხელმოწერით დაადასტურეს ის, რომ თითქოს, მსჯავრდებულმა ილგარ მამედ–ზადემ თვითდაზიანებები მიიყენა და რომ ის ციხის დირექტორს, მის მოადგილეს და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს არ უცემიათ.
ამასთან, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულ მამედ–ზადეს, სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი განცხადება–საჩივრის შემდგომ მსვლელობაზე უარის თქმაში, ციხის ადმინისტრაციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ზემოხსენებულ მასალაში, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს დედა, ია ქაჯაია, ადვოკატ თედო კობახიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში ამბობს, რომ სახალხო დამცველი “აფარებს ხელს ადმინისტრაციის განუკითხავ ქმედებებს“...
"ობიექტივი"