16:26 02.07.2011
სოსო ჯაჭვლიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ჯაჭვლიანმა ამის შესახებ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ 30-დღიანი პატიმრობა უკანონოდ ჰქონდა მისჯილი. ამ დროის განმავლობაში ჯაჭვლიანი შიმშილობდა, რაზეც ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს მისი სპორტული ინტერესი არ ყოფილა.
„რამდენი დღეც უნდა მოესაჯათ, გამოცხადებული მქონდა, რომ არაფერს შევჭამდი. ეს იყო ჩემი პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. იქ სხვანაირად პროტესტს ვერ გამოვხატავდი“, - ამბობს ჯაჭვლიანი.
ინტერვიუში ჯაჭვლიანმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე კოლეგის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზეც. მისი თქმით, იგი პოლიტიკაში არ მონაწილეობს და არცერთი პარტიის წევრი არ არის, მხოლოდ საკუთარ მოქალაქეობრივ აზრს აფიქსირებს.
„როგორ ვთქვა, რომ აფრასიძეების ამოხოცვა, ვაზაგაშვილის დახვრეტა და ბუტა რობაქიძის მკვლელობა კარგი იყო. მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა. ჩემი აზრი ხომ უნდა გამოვთქვა? გინდა, არ გინდა გაერევი ამ ყველაფერში... როგორ, უსამართლობას უნდა შეეგუო? მაშინ მე არც შენი კინოსი მწამს, არც შენი თეატრის, არც შენი ხელოვნების და ხარ ნაძირალა“, - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
ტრიბუნა.ge
