ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაიწყო.
გაზიარება
[13:41 29-09-2010]
როგორც "ღია ბოქლომს" ერთ-ერთი ეჭვმიტანილის - ნელი ნავერიანის ადვოკატმა რევაზ თოფურიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
მისივე თქმით, პროკურატურამ ნავერიანის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიზეზად დანაშაულის სიმძიმის ფაქტორი დაასახელა, მაგრამ ადვოკატებმა შუამდგომლობა მეორედ დააყენეს.
"ამჯერად თანხა 5 000 ლარამდე გავზარდეთ და პასუხს ველოდებით",- ამბობს ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და ადგილობრივი შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა 9 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირები კანადელ ინვესტორს დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელის არშეშლის სანაცვლოდ 70 000 ლარს სძალავდნენ.
მოგვიანებით აღნიშნულ პირებთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფნის ბრალდებით მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ჯაფარიძეც დააკავეს. რაიონულმა სასამართლომ ჯაფარიძესაც წინასწარი ორთვანი პატიმრობა შეუფარდა.